სიძულვილის ენის წინააღმდეგ მორიგი სასამართლო პროცესი ბათუმში გაიმართა. სამართალდამრღვევად ცნეს და 1 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს სალომე ზურაბიშვილის შეურაცხყოფის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ ბერიძეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტის, სალომე ქირიას თქმით, ბრალდებულმა განაცხადა, რომ კომენტარი ნამდვილად დაწერა, თუმცა არ იცოდა რომ ეს ქმედება დასჯადი იყო. იურისტის შეფასებით, არ ცოდნა პირს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.
"მან სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბატონმა მალხაზმა განმარტა, რომ არ იცოდა თუ იყო სამართალდარღვევა. თუმცა სასამართლომ სწორად შეაფასა წარმოდგენილი საქმის მასალები. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ არ ცოდნა არ გამორიცხავს სამართლებრივად კონკრეტული ღონისძიებების გატარებას, ვგულისხმობ, რომ არ ათავისუფლებდა პირს პასუხისმგებლობისგან ის გარემოება, რომ არ იცოდა სავარაუდო სამართალდარღვევის არსებობის შესახებ," - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტმა, სალომე ქირიამ.
დღესვე პროცესი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო ზურაბ ოსიყმაშვილი, რომელმაც შეურაცხყოფა ვახო სანაიას მიაყენა. მას 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიმართვის საფუძველზე სასამართლოებში ამ ეტაპზე 60-მდე საქმე განიხილება. რამდენიმე პირის მიმართ გადაწყვეტილება უკვე ცნობილია.