თბილისში გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმი დასრულდა. 3-დღიან ფორუმზე ლიდერებმა და საერთაშორისო ექსპერტებმა მოქალაქეზე ორიენტირებული და ინოვაციური საჯარო სერვისების განვითარების საკითხები განიხილეს.
ფორუმის ფარგლებში გამართულ მრგვალ მაგიდაზე იუსტიციის მინისტრმა მონაწილეებს საჯარო სერვისების მიწოდების ქართული მოდელი გააცნო. პაატა სალიამ დელეგატების კითხვებსაც უპასუხა და ყურადღება გაამახვილა ფიზიკური და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე, რაც მოქალაქეებისთვის საჯარო სერვისებზე უნივერსალურ წვდომას უზრუნველყოფს. გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმი საქართველოში იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით პირველად გაიმართა.
ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილის, ლი ჯუნჰუა განცხადებით, ფორუმის მონაწილეებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ღონისძიების წარმატებაში, რისთვისაც მათ მადლობა გადაუხადა.
„გაეროს სახელით, მინდა თითოეულ თქვენგანს გამოვუცხადო უღრმესი მადლობა ფასდაუდებელი წვლილისთვის, ურყევი ერთგულებისა და აქტიური ჩართულობისთვის.
გასული სამი დღის განმავლობაში გამართულმა დისკუსიებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ერთი უმნიშვნელოვანესი ჭეშმარიტება: სულ უფრო მეტად გაურკვეველ მსოფლიოში ეფექტიანი საჯარო ინსტიტუტები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. საჯარო სამსახური არის ის ძალა, რომელიც ხელს უწყობს ინკლუზიას, აღადგენს ნდობას და უზრუნველყოფს რეალურ შედეგებს ადამიანებისა და საზოგადოებებისთვის ყველგან.
ამ ფორუმმა შეგვახსენა, რომ საჯარო სექტორი მხოლოდ ცვლილებებთან ადაპტირებით არ უნდა შემოიფარგლოს; მან ცვლილებებს თავად უნდა უხელმძღვანელოს“, - აცხადებს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუა.