ლონდონის ცნობილ დაუნინგ-სტრიტის №10-ში პრემიერ-მინისტრები მიდიან და მოდიან, უცვლელი კი მხოლოდ ფისო ლარი რჩება.
ლარი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში 2011 წლის 15 თებერვლიდან ცხოვრობს. ის ამაყად ატარებს მთავრობის კაბინეტის ოფისის უფროსი მეთაგვის ტიტულს.
ბრიტანულ პოლიტიკაში მოვლენები იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ლარის სულ ახლახან კიდევ ერთი პრემიერ-მინისტრის გაცილება მოუწია.
22 ივნისს, მაშინ, როდესაც კირ სტარმერმა პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომა გამოაცხადა, ფისო ლარიმ სამსახურში ყოფნის 15 წელი აღნიშნა.
ამ დროის განმავლობაში მან ექვს პრემიერ-მინისტრთან იმუშავა. ესენი არიან: დევიდ კემერონი, ტერეზა მეი, ბორის ჯონსონი, ლიზ ტრასი, რიში სუნაკი და უკვე ყოფილი პრემიერი კირ სტარმერი.
ბრიტანეთში ხშირად ხუმრობენ, რომ რეალურად პრემიერები მუშაობენ ლარისთან და არა პირიქით.
ქუჩიდან დიდ პოლიტიკაში
ლარი 2011 წლამდე ქუჩის კატა იყო. ის დაუნინგ-სტრიტის №10-ში ლონდონის ცხოველთა თავშესაფრიდან მიიყვანეს, რადგან რეზიდენციაში ვირთხების პრობლემა გაჩნდა. მაშინ პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი იყო. მას შემდეგ ლარი პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის განუყოფელი ნაწილი და მისი სიმბოლოც კი გახდა.
ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე ლარის მოვალეობები საკმაოდ სერიოზულადაა გაწერილი:
- სტუმრების მიღება და დახვედრა;
- სახლში ანტიკვარული ავეჯის ხარისხის შემოწმება (ძირითადად მასზე ძილით);
- და, რა თქმა უნდა, ტაქტიკური გადაწყვეტილებების მიღება თაგვების პოპულაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მართალია, მისი ეფექტურობა თაგვების ჭერაში თავიდან კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა და ხშირად ამბობდნენ, რომ უფრო მეტ დროს ძილში ატარებს, ვიდრე ნადირობაში, თუმცა დროთა განმავლობაში მან თავისი პროფესიონალიზმი დაამტკიცა და ბრიტანელებს იმედი არ გაუცრუა.
ლარი და მსოფლიო ლიდერები
15 წლის განმავლობაში ლარი დაუნინგ-სტრიტის შავი კარის წინ არაერთი მსოფლიო ლიდერის მასპინძელი გახდა. მას უნახავს პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, სამეფო ოჯახის წევრები და სხვა მაღალი რანგის სტუმრები, რომლებიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მიდიოდნენ.
როგორც ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს, ლარი მალე დაუნინგ-სტრიტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხნის ბინადარი გახდება. მას მხოლოდ პრემიერ-მინისტრი უილიამ პიტ უმცროსი უსწრებს, რომელმაც №10-ში თითქმის 20 წელი გაატარა.
ექვსი პრემიერ-მინისტრი და ერთი კატა
პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, ლარი კი რჩება. თავისი 15-წლიანი "მოღვაწეობის" განმავლობაში, მან ბრიტანეთის ექვს პრემიერ-მინისტრთან იმუშავა:
1. დევიდ კემერონი
2. ტერეზა მეი
3. ბორის ჯონსონი
4. ლიზ ტრასი
5. რიში სუნაკი
6. კირ სტარმერი
საინტერესოა, ვინ იქნება შემდეგი.
ამ ეტაპზე პრემიერ-მინისტრის პოსტის მთავარი ფავორიტი დიდი მანჩესტერის მერი ენდი ბერნემია. ბრიტანული მედიის შეფასებით, მას ლეიბორისტული პარტიის ლიდერობისა და, შესაბამისად, დაუნინგ-სტრიტის №10-ში გადასვლის ყველაზე დიდი შანსი აქვს.
თუ პროგნოზები გამართლდა, ლარის მალე კიდევ ერთი პრემიერ-მინისტრის მიღება მოუწევს.
მილიონობით გამომწერი და ბრიტანული იუმორი
ლარი იმდენად პოპულარულია, რომ სოციალურ ქსელ X-ში მას არაოფიციალური, თუმცა საკმაოდ ცნობილი ანგარიში (@Number10cat) აქვს, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. ანგარიშზე ლარის სახელით ხშირად ქვეყნდება იუმორისტული კომენტარები ბრიტანულ პოლიტიკაზე.
დღეს ლარი უკვე ბრიტანული პრესის ნამდვილი ვარსკვლავია. მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების დროს ის ხშირად უნებლიეთ თავად ხდება საინფორმაციო კადრის მთავარი გმირი.
გამონაკლისი არც კირ სტარმერის გადადგომა ყოფილა. მოვლენას ლარი მისთვის დამახასიათებელი იუმორით გამოეხმაურა.
ავტორი: ნათია ჩეხერია