27 ივნისი 2026,   23:20
ვრცლად
ვინ გახდება სააკაშვილის გუნდის ახალი თავმჯდომარე - "ნაციონალურ მოძრაობაში" უთანხმოება ღრმავდება

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ თავად დაადასტურა, რომ პარტიაში დემოკრატიულ პროცესებზე საუბარი მხოლოდ ილუზიაა. ერთი ლიდერი, ერთი რეალური თავმჯდომარე და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება - მიხეილ სააკაშვილის მიერ ციხიდან დაწერილ სცენარს მისი პარტია უკვე დიდი ხანია მიჰყვება. მსჯავრდადებულმა ექსპრეზიდენტმა ციხიდან ფორმალური თავმჯდომარე გაუშვა და ახალი რჩეული გამოაცხადა. თუმცა ანა წითლიძე ფიქრობს, რომ მხოლოდ სახელებისა და გვარების ცვლილებით მიხეილ სააკაშვილი შიდაპარტიულ რევოლუციას ვერ მოახდენს.

ვიდრე პარტიის მართვის პრინციპს თინა ბოკუჩავას თანაგუნდელები უწუნებენ, მომავალი თავმჯდომარე რეგიონულ ტურნეებს მართავს, მხარდამჭერებს ხვდება და უკვე დაშლილი ალიანსიდან გამოსვლასაც ღიად აანონსებს. ნანუკა ჟორჟოლიანს, რომელმაც წარსულში პოლიტიკური ფიასკო უკვე განიცადა, ახლა "ნაციონალური მოძრაობის" რადიკალურად შეცვლის ამბიცია აქვს, თუმცა ჯერ ოფიციალურად პარტიის წევრიც არ არის. ამ ფონზე კი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები უკვე სამი კვირაა სხვებს არწმუნებენ, რომ პარტიაში ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს ვერავინ იღებს.

ვინ გახდება სააკაშვილის გუნდის ახალი თავმჯდომარე - ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მმართველი გუნდისთვის. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური დასასრული უკვე გარდაუვალია. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიციურ ფლანგზე არსებული დაპირისპირება ოპოზიციის პოლიტიკური ველიდან გაქრობით დასრულდება.

ოპოზიციაში დაპირისპირება ჯერ კიდევ ე.წ. ალიანსიდან დაიწყო, მაშინ, როდესაც 9 პარტიისგან შემდგარი გაერთიანება ორ თვეში დაიშალა. ალიანსს მიღმა დარჩენილ სააკაშვილის გუნდში კი შიდადაპირისპირება თავად მიხეილ სააკაშვილმა გამოიწვია, რომელიც საკუთარი პარტიის წევრების ნაწილის კრიტიკის მიზეზი ერთპიროვნული და შეუთანხმებელი გადაწყვეტილებების გამო გახდა.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები