საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მას სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, არპინე სარგსიანი მასპინძლობს.
"სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნები.
ცერემონიის ფარგლებში, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სომხეთის პოლიციის თანამშრომელთა ხსოვნას და მათი მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
სულხან თამაზაშვილმა ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართა სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან, არპინე სარგსიანთან.
შეხვედრაზე მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების თაობაზე. მათ ასევე განიხილეს საერთო ინტერესის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებისა და ორმხრივი კავშირების განვითარების სამომავლო პერსპექტივები", - აღნიშნულია განცხადებაში.