03 ივლისი 2026,   01:16
ვრცლად
ქიმიური ხსნარები, პრეკურსორები და მომწამვლელი ნივთიერებები - სამართალდამცველებმა კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს

ქიმიური ხსნარები, პრეკურსორები და მომწამვლელი ნივთიერებები ერთ-ერთ ბინაში აღმოაჩინეს. პოლიცია ნარკოლაბორატორიის კვალზე გავიდა და გაირკვა, რომ ნაქირავებ სახლში, სიცოცხლისთვის საშიშ ნარკოტიკულ საშუალებებს ამზადებდნენ, შემდეგ კი გასაყიდად აფასოებდნენ.

სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკი, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით იყო სამართალდამცველებმა ამოიღეს. ნივთმტკიცებებს შორისაა ნარკოტიკების მომზადებისთვის საჭირო მოწყობილობები.

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია ორგანიზაციული ჯგუფის 4 წევრი, მათ შორის ერთი ქალია. სხვადასხვა მისამართებზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების დროს ამოღებულია 41 ლიტრი "ალფა პევეპეს" შემცველი სითხე, 2 კილოგრამამდე "ალფა პევეპე", 5 კილოგრამამდე "მეფედრონი" და 5 ლიტრი მეფედრონის შემცველი სითხე. დაკავებულების ნაწილმა დანაშაული უკვე აღიარა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ ნარკოდანაშაულის სქემაში ჩართული სხვა პირების დასადგენად და დასაკავებლად. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორგანიზაციული ჯგუფის 4 წევრის საქმეში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ამოღებული თანხაც დევს, ფული, რომელიც სავარაუდოდ დაკავებულებმა ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად აიღეს.

დღის ამბები