"ეს არის პირდაპირ რუსეთიდან კოპირებული კანონი, რომელსაც პუტინმა სულ რამდენიმე დღის წინ მოაწერა ხელი" - კანონი რომელზეც სომეხი ექსპერტი ედმონ მარუკიანი საუბრობს, ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზის შექმნას ითვალისწინებს. ინიციატივა ნიკოლ ფაშინიანის მთავრობამ უკვე დაამტკიცა. ე.წ იმეის კონტროლის მექანიზმი ისეთ ქვეყნებშია ამოქმედებული, როგორიც რუსეთი, ირანი, ყაზახეთი და უზბეკეთია. ახალი რეგულაციის თანახმად, ტელეკომუნიკაციების ოპერატორებს მოეთხოვებათ მონაცემთა ბაზაში აბონენტის ტელეფონის იდენტიფიკატორების შესახებ ინფორმაცია შესაბამის უწყებებს მიაწოდონ, რაც ფაქტობრივად, პერსონალური მონაცემების სახელმწიფო კონტროლის ქვეშ დაქვემდებარებას ნიშნავს.
მარუკიანი არ არის ერთადერთი, ვინც ახალ კანონს ეწინააღმდეგება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მოქალაქეების სრულ კონტროლზე აყვანა, მათი მართვის ერთ-ერთი მექანიზმია. ამასთანავე, სომხეთში აქტიურად საუბრობენ ამ კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შეუსაბამობაზე. რადგან, ევროპა რიგ შემთხვევებში აქტიურად გმობს პირადი მონაცემების კონტროლს, ახლა ჩნდება კითხვა, მოუწოდებს თუ არა ბრიუსელი ერევანს რუსული კანონის გაუქმებისკენ.
თავად ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ახალი კანონის მთავარი მიზანი მოპარული მობილურების, ანუ ქვეყანაში კონტრაბანდის აკრძალვაა. სომხეთის პრემიერი ვერ ხედავს პრობლემას, რატომ არ უნდა ჰქონდეს მთავრობას უფლება, მოქალაქეების პერსონალური მონაცემები აკონტროლოს.
რადიკალური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. კანონი უახლოეს მომავალში ამოქმედდება.