03 ივლისი 2026,   01:10
ვრცლად
დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" - შიდა რეფორმების ანონსი და მზადება ახალი ყრილობისთვის

ზუსტად ერთი კვირა და "ნაციონალური მოძრაობა" ფორმალურადაც თავმჯდომარის გარეშე დარჩება. თინა ბოკუჩავასთან ერთად ვადა გასდის მთელ მენეჯმენტს. პარტია ყრილობისთვის ემზადება, თუმცა კრიზისის მოსაგვარებლად შიდა რევოლუცია გაცილებით ადრე დააანონსა მან, ვინც ციხიდან არჩევს ახალ რეორგანიზატორებს.

მაშინ, როდესაც პარტიის თავმჯდომარის საკითხს ერთპიროვნულად მიხეილ სააკაშვილი წყვეტს, ანა წითლიძე არჩევნების ჩატარების ელექტრონული წესით ამაყობს. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც შესაძლოა საკუთარი კანდიდატურაც წამოაყენოს, ამბობს, რომ სახელებისა და გვარების შეცვლა პარტიის მართვის სტილს ვერ შეცვლის.

პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, რომელიც პარტიის თავმჯდომარეობიდან ინგლისურის არცოდნის გამო ჩამოაქვეითეს, ახლის ნაცვლად, ძველ არჩევნებზე ფიქრობს. თინა ბოკუჩავათი ჩანაცვლებული ლევან ხაბეიშვილი პარალელს საკუთარ გამარჯვებასთან ავლებს და პარტიის შიგნით ახალი თავმჯდომარის ლეგიტიმაციის საკითხს სკეპტიკურად უყურებს.

არადა, თავის დროზე, სწორედ ხალხის დამოკიდებულების გამო შეცვალეს. ე.წ. "სვეცკი ბაბლის" მოსაწონი თავმჯდომარეების ძიება რომ არასწორი ტაქტიკაა, ამას პოსტ ფაქტუმ აღიარებს მიხეილ სააკაშვილიც, რომელმაც ნაციონალურ მოძრაობას ახალ რჩეულად ნანუკა ჟორჟოლიანი დაუსახელა.

ერთმანეთთანაც და სხვებთანაც დაპირისპირებულებს თამარ ჩერგოლეიშვილი ახსენებს, რომ ავტოკრატიის პირობებში პარტიის თავმჯდომარის არჩევნებს აზრი არ აქვს. ფედერალისტების ლიდერი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის პოლიტიკურ მანიპულაციებზე ისევ საჯაროდ საუბრობს. ამბობს, რომ სააკაშვილი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საკუთარ პარტიას, არამედ მთელ ოპოზიციას.

"ქართველმა ხალხმა "ნაციონალური მოძრაობა" დიდი ხნის წინ დაასრულა" - აცხადებენ მმართველ პარტიაში, სადაც მიაჩნიათ, რომ ძველი და ახალი ნაციონალები ახლა თვითდასრულების რეჟიმში არიან. ოპონენტების ბოლო ჟამს უწოდებენ დაპირისპირების პროცესს, რომელიც რამდენიმე თვის წინ ალიანსის შექმნით დაიწყო და ახლა უკვე ნაციონალური მოძრაობის შიგნითაც გრძელდება.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ახალი თავმჯდომარე პარტიის ყრილობაზე უნდა დაამტკიცოს. გაცხადებული კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანია, თუმცა სააკაშვილის რჩეულს ამჯერად პარტიის შიგნიდან კონკურენტებიც ეყოლება.

დღის ამბები