03 ივლისი 2026,   01:16
ვრცლად
შერჩევითი მიდგომა, რომელსაც ევროინტეგრაციის რეალურ სტანდარტებთან საერთო არაფერი აქვს - მმართველი გუნდი ევროპარლამენტს კიდევე ერთხელ აკრიტიკებს

შერჩევითი მიდგომა, რომელსაც ევროინტეგრაციის რეალურ სტანდარტებთან საერთო არაფერი აქვს - მმართველი გუნდი ევროპარლამენტს კიდევე ერთხელ აკრიტიკებს. საუბარია საქართველოს ხელისუფლების მიმართ ღიად მტრულად განწყობილი რასა იუკნევიჩიანეს ხელმძღვანელობით მომზადებულ რეზოლუციასა და ქარდზე, რომელიც ევროსტრუქტურამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ევროპელი დეპუტატები საქართველოსა და თურქეთში რეფორმების სტაგნაციაზე საუბრობენ. იმ ფონზე, როდესაც საქართველოს სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან განსხვავებით, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების 80 პროცენტზე მეტი შესრულებული აქვს, საპარლამენტო უმრავლესობა იუკნევიჩიანესა და მის კოლეგებს ქვეყნის მიზანმიმართული დისკრედიტირების მცდელობაში ადანაშაულებენ.

ევროპარლამენტმა საქართველოს ხელისუფლების მიმართ სუბიექტური დამოკიდებულების მქონე რასა იუკნევიჩიანეს მიერ მომზადებული რეზოლუციის შემდეგ, სოციალურ ქსელში ასპირანტ ქვეყნებზე სპეციალური ქარდები გამოაქვეყნა, რომელშიც არგუმენტების გარეშე საქართველო და თურქეთი რეფორმების შეჩერების გამო არიან გაკრიტიკებული.

ეკონომიკური განვითარება, მთლიანი შიდა პროდუქტის გადანაწილება ერთ სულზე, სასამართლო, მთავრობის გამჭვირვალობა - ეს იმ კომპონენტების მცირე ჩამონათვალია, რომელშიც, მმართველი გუნდის თქმით, საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ლიდერობს. ამ დროს კი კორუფციული სკანდალების იგნორი უკრაინაში, მედიაპლურალიზმის გაქრობაზე ნული პრეტენზია მოლდოვასთან - ევროპარლამენტარების მხრიდან, კავშირის სადამფუძნებლო პრინციპებთან დაშორებას ადასტურებს.

რეფორმებთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიდგომებზე განსხვავებულია საპარლამენტო ოპოზიციის შეხედულება. გახარიას გუნდში ვერ ასახელებენ, ევროკავშირთან თავსებადობის რომელ კომპონენტში უსწრებს უკრაინა და მოლდოვა საქართველოს, თუმცა ევროპარლამენტარების მიდგომას მაინც სამართლიანად მიიჩნევენ. ხალხის ძალა კი იუკნევიჩიანესა და მის კოლეგებს ქართულ საზოგადოებაში ევროსკეპტიციზმის წახალისებაში სდებს ბრალს.

ევროპარლამენტარებისა და ოპოზიციის ნაწილის მოსაზრებების თანხვედრა ლოგიკურია საპარლამენტო უმრავლესობისთვის. კანონმდებლების აზრით, მსგავსი მიდგომებით ევრობიუროკრატები საქართველოში მხოლოდ ოპოზიციის სტიმულირებას და მათი მხრიდან, რამდენიმე, ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლის უშედეგო მცდელობის გადაფარვას ცდილობენ.

ევროპარლამენტმა კრიტიკული ქარდების გამოქვეყნებამდე, საქართველოს წინააღმდეგ მორიგი რეზოლუცია რამდენიმე დღის წინ მიიღო, რომელშიც ქვეყნის განვითარების ვექტორი კიდევ ერთხელ, არგუმენტების გარეშე არის გაკრიტიკებული.

 

დღის ამბები