03 ივლისი 2026,   01:00
ვრცლად
უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში - ახალი ეტაპი ეკონომიკურ კავშირებსა და "შუა დერეფნის" განვითარებაში

უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი მაღალი რანგის ვიზიტი საქართველოში ათონელის სასახლეში სტუმრობით დაიწყო. ოფიციალური დახვედრის ცერემონიაც პრეზიდენტის სასახლესთან გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილმა შავკატ მირზიოევს პირადად უმასპინძლა.

უზბეკეთის პრეზიდენტის დასახვედრის ცერემონიაში თავდაცვის ძალების სარიტუალო სამსახური მონაწილეობდა. სამსახურის ხელმძღვანელმა პირველ რიგში საქართველოს პრეზიდენტს პატაკი ჩააბარა ამის შემდეგ კი სტუმრის პატივსაცემად უზბეკეთის სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

ორ ქვეყანას შორის ბოლო 23 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოში უზბეკეთის რესპუბლიკის მხრიდან მაღალი რანგის ვიზიტი სრულდება. თბილისში გამართული შეხვედრები სახელმწიფოებს საშუალებას მისცემს სხვადასხვა სფეროში კავშირები გაღრმავდეს და ახალ ეტაპზე გადავიდეს.

მიღების ოფიციალური ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის ფორმატში გადაინაცვლეს.

შეხვედრის დროს ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ყურადღება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტის გაფორმებაზე გაამახვილეს. ახალი შეთანხმება საქართველოსა და უზბეკეთს ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლის საშუალებას აძლევს. საუბარი შეეხო ეკონომიკურ კავშირებს, შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებს და საერთაშორისო ფორმატებში კოორდინაციის გაძლიერებასაც. ათონელის სასახლეში გამართული შეხვედრის დროს აღინიშნა ისიც რომ საქართველოსთვის უზბეკეთი საიმედო პარტნიორია. შავკატ მირზიოევს მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრეზიდენტმა უზბეკ კოლეგას საქართველოს სახელმწიფო ჯილდო "ოქროს საწმისის" ორდენი გადასცა. ჯილდო იმ უცხოელებს გადაეცემათ, რომლებსაც საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ.

შავკატ მირზიოევის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღის მეორე ნახევარში დაეშვა. უზბეკეთის პრეზიდენტს საქართველოს ვიცე პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებით დაინტერესებულია. ქვეყნის საინვესტიციო ბაზარი მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისთვისაც ეს ფაქტორი კი საქართველოს როლს შუა დერეფნის კონტექსტში კიდევ უფრო ზრდის. საქართველო მისი გეოგრაფიული მდგომარეობით სატრანზიტო ჰაბია იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ, შესაბამისად უზბეკეთისთვის საქართველო მოსახერხებელი საშუალებაა საკუთარი პროდუქცია გლობალურ ბაზარზე გაიტანოს.

მაღალი რანგის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია უზბეკეთის პრეზიდენტის საქართველოს პრემიერ მინისტრთან შეხვედრა. ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც.

დღის ამბები