საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბატონ ოლივიე კურტოს შეხვდა.
ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
"შეხვედრას ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
შეხვედრა გულთბილ ვითარებაში წარიმართა.
ელჩმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცა და საფრანგეთის მთავრობის მილოცვა პირადად გადასცა.
კათოლიკოს-პატრიარქმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის ელჩს და საფრანგეთის მთავრობას მილოცვისთვის.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ისტორიულ და კულტურულ კავშირს, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელობას.
თავის მხრივ, სტუმარმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოში მშვიდობას, მის სუვერენიტეტს და კულტურულ-საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაგრძელებას.
შეხვედრის დასასრულს საქართველოს ეკლესიის მეთაურმა სტუმარს საიუბილეო ჯვარი გადასცა, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით შეიქმნა,"- აღნიშნულია ინფორმაციაში.