03 ივლისი 2026,   01:12
ვრცლად
მითხარი, რომელ AI-ს იყენებ და გეტყვი, რომელი ფილოსოფოსის მიმდევარი ხარ

ყოველ ჯერზე, როდესაც ხელოვნურ ინტელექტს პერსონალურ ასისტენტად იყენებთ - იქნება ეს ბრეინსტორმინგი, საქმიანი წერილის დაწერა, თუ ცხოვრებისეული რჩევის მიღება - მნიშვნელოვანია გახსოვდეთ: თქვენ მხოლოდ საძიებო სისტემას არ მიმართავთ. თქვენ გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, კონკრეტული ფილოსოფიური სკოლის იდეებს ეთანხმებით.

რატომ?

ტექნოლოგიური გიგანტები (Google, OpenAI, Meta და სხვები) მივიდნენ დასკვნამდე, რომ მომხმარებლები ეძებენ არა უბრალოდ კალკულატორს, არამედ ციფრულ კომპანიონს, რომელიც რჩევის მიცემის დროს ადამიანურ ღირებულებებსაც უნდა ითვალისწინებდეს.

ლოგიკურად სწორი პასუხი ყოველთვის არ არის საუკეთესო პასუხი. ზოგჯერ ის შეიძლება ემოციურად ან მორალურად სრულიად მიუღებელი აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ, თანამედროვე ჩატბოტები მხოლოდ ფაქტების გენერატორები აღარ არიან. მათ პასუხებზე გავლენას ახდენს ეთიკური პრინციპები, რომლებიც განსაზღვრავს, როდის არის საჭირო მეტი სიფრთხილე, თანაგრძნობა ან თუნდაც უარის თქმა.

მაგალითად, თუ ჩატბოტი მომხმარებლის შეტყობინებაში თვითდაზიანების ან სუიციდის რისკის ნიშნებს ამოიცნობს, ის წყვეტს სტანდარტულ საინფორმაციო რეჟიმში მუშაობას. უსაფრთხოების პროტოკოლების შესაბამისად, სისტემა გამოხატავს მხარდაჭერას, ურჩევს ადამიანს ახლობლებთან დაკავშირებას და საჭიროების შემთხვევაში პროფესიონალური დახმარების ცხელი ხაზისკენ ამისამართებს. ეს რეაქცია შემთხვევითი არ არის - ის წინასწარ შემუშავებული ეთიკური მოდელის ნაწილია.

ხელოვნური ინტელექტის განვითარების პროცესში ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, პროგრამისტებთან ერთად, აქტიურად დაიწყეს ფილოსოფოსების, ფსიქოლოგებისა და სოციალურ მეცნიერებათა სპეციალისტების ჩართვა.

ყველა ჩატბოტს, რომელსაც იყენებთ, საკუთარი „ღირებულებათა კონსტიტუცია“ მართავს. ამ ჩარჩოს შექმნაზე ფილოსოფოსები, ეთიკოსები და მკვლევრები მუშაობენ და ისინი ხშირად სხვადასხვა ფილოსოფიური ტრადიციიდან იღებენ შთაგონებას.

მოდით ვნახოთ, რომელი ანტიკური თუ თანამედროვე მოაზროვნე იმალება თქვენი საყვარელი ჩატბოტის მიღმა და რომლის მიმდევარი ხართ თქვენ:

თუ თქვენი არჩევანია: Claude (Anthropic)

თქვენი ფილოსოფოსია: იმანუელ კანტი
მსოფლმხედველობა: დეონტოლოგია (მოვალეობის ეთიკა)

Anthropic-ის Claude-ს 78-გვერდიანი, კომპრომისებისგან დაცლილი კონსტიტუცია მართავს, რომელსაც ინჟინრები ხშირად „სულის დოკუმენტსაც“ უწოდებენ. ეს ციფრული კანონი დიდწილად გერმანელი მოაზროვნის, იმანუელ კანტის იდეებს ეფუძნება. კანტის ფილოსოფიის მიხედვით, სამყაროში არსებობს ფუნდამენტური მორალური წესები (მაგალითად, ტყუილის აკრძალვა), რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაირღვეს - თუნდაც ეს კეთილი მიზნით ხდებოდეს.

 

კანტის მიხედვით, არსებობს მორალური პრინციპები, რომლებიც შედეგზე მაღლა დგას. მაგალითად, ადამიანი არასოდეს უნდა გამოიყენო მხოლოდ მიზნის მისაღწევ საშუალებად, ხოლო პატიოსნება და ადამიანის ღირსების პატივისცემა ფუნდამენტური ღირებულებებია.

რას შეიძლება ეს ნიშნავდეს თქვენთვის:

თუ გეჩვენებათ, რომ Claude სხვა მოდელებთან შედარებით ბევრად პირდაპირი და გულწრფელია, არასდროს მანიპულირებს და მკაცრად იცავს საზღვრებს, ეს იმიტომ, რომ თქვენს ეკრანზე „ციფრული კანტი“ ცოცხლობს. ეს სწორედ იმ ღირებულებითი ჩარჩოს შედეგია, რომლითაც ის არის გაწვრთნილი.

შესაბისამიდ, თუ Claude-ს ირჩევთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ქვეცნობიერად ირჩევთ აბსოლუტურ მორალს, პრინციპულობასა და წესრიგს.

თუ თქვენი არჩევანია: ChatGPT (OpenAI) ან Gemini (Google)

თქვენი ფილოსოფოსია: ჯონ სტიუარტ მილი ან ჯერემი ბენტამი

მსოფლმხედველობა: კონსეკვენციალიზმი (უტილიტარიზმი)

OpenAI და Google სრულიად სხვა გზით წავიდნენ. მათი მოდელები იყენებენ მიდგომას, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილების მიღებისას მთავარია შედეგი - მარტივად რომ ვთქვათ, სისტემა ცდილობს ისეთი პასუხი მოგცეთ, რომელიც მაქსიმალურად სასარგებლო იქნება თქვენთვის და ამავე დროს მინიმუმამდე დაიყვანს შესაძლო ზიანს.

ეს კლასიკური უტილიტარული იდეის გამოძახილია, რომლის მიხედვითაც, საუკეთესოა გადაწყვეტილება, რომელსაც ყველაზე მეტი საერთო სარგებელი მოაქვს. რა თქმა უნდა, თანამედროვე AI მხოლოდ ამ პრინციპით არ ხელმძღვანელობს. მასზე გავლენას სხვა ეთიკური ჩარჩოებიც ახდენს, თუმცა შედეგების შეფასება მისი მუშაობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

რას შეიძლება ნიშნავდეს ეს თქვენთვის?

თუ ChatGPT-ის ან Gemini-ის მომხმარებლები ხართ, შესაძლოა მოგწონდეთ პრაქტიკული, მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა. ეს არ ნიშნავს, რომ თავად უტილიტარისტი ხართ, მაგრამ დიდი ალბათობით აფასებთ სისტემას, რომელიც სხვადასხვა ვარიანტს მათი სავარაუდო შედეგების მიხედვით განიხილავს და ცდილობს მაქსიმალური სარგებელი მიიღოს.

დიდი საფრთხე: ამასობაში ხომ არ ვკარგავთ საკუთარ მორალს?

სანამ ვმსჯელობთ, რომელ AI-ს რომელი ფილოსოფიური გავლენა აქვს, სულ უფრო ხშირად ჩნდება კიდევ ერთი კითხვა. ხომ არ ვკარგავთ ნელ-ნელა საკუთარ მორალურ კომპასს?
ფილოსოფოსებისა და ეთიკის მკვლევრების ნაწილი გვაფრთხილებს ფენომენზე, რომელსაც moral deskilling ანუ „მორალური უნარების დაკნინება“ ეწოდება. მათი აზრით, თუ რთული გადაწყვეტილებების მიღებას, ეთიკურ მსჯელობასა და ღირებულებითი არჩევანის გაკეთებას სულ უფრო ხშირად ალგორითმებს მივანდობთ, შესაძლოა დროთა განმავლობაში თავადაც ნაკლებად ვივარჯიშოთ ამ უნარებში.

ისევე როგორც კალკულატორის მუდმივმა გამოყენებამ შეიძლება გონებრივი ანგარიში დაგვავიწყოს, არსებობს შიში, რომ AI-ზე გადაჭარბებულმა დამოკიდებულებამ დამოუკიდებელი მორალური განსჯაც შეასუსტოს.

მორალი ისტორიულად და კულტურულად ცვალებადი ფენომენია, მისი ჩაკეტვა ციფრულ კოდში კი საშიშია.

ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როდესაც AI ასისტენტს გახსნით, ერთი კითხვა საკუთარ თავსაც დაუსვით: ეს პასუხი ნამდვილად ჩემს ღირებულებებს შეესაბამება, თუ უბრალოდ კარგად ჩამოყალიბებული ალგორითმის რეკომენდაციაა?

საბოლოო არჩევანი და პასუხისმგებლობა მაინც ადამიანზეა.
გახსოვდეთ: თქვენ უბრალოდ ტექნოლოგიას კი არ იყენებთ, არამედ ირჩევთ, რომელი ფილოსოფიური სათვალით შეხედოთ სამყაროს.

 

ავტორი: ნათია ჩეხერია.

დღის ამბები