მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი საფეხბურთო ემოციები, "რუსთავი 2-თან" ერთად, რესპუბლიკის მოედანზე ინაცვლებს. სულ ცოტა ხანში, აქ დიდი საფეხბურთო დღესასწაული დაიწყება.
მერიისა და "რუსთავი 2-ის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მოედანზე უკვე დამონტაჟდა დიდი ეკრანი. 19 ივლისის ჩათვლით, მატჩების პარალელურად, სივრცე დაეთმობა სპორტულ აქტივობებს, გათამაშებებსა და კვების ზონებს.
პარალელურად, გულშემატკივრებს შანსი ექნებათ, პირადად შეხვდნენ ქართული ფეხბურთის ლეგენდებს. საფეხბურთო ქალაქი კარს დღეს, 21:00 საათზე გახსნის.
"თბილისის მერიის ორგანიზებით, რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილია პირდაპირი ჩვენება ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის. სამუშაოები უკვე დასკვნით ფაზაშია, დღევანდელი დღიდან 19 ივლისის ჩათვლით, გაიმართება სხვადასხვა აქტივობა. ველოდებით ფეხბურთის ყველა მაყურებელს რესპუბლიკის მოედანზე," - აღნიშნა თბილისის მერიის წარმომადგენელმა, ლუკა გოგიშვილმა.
"კარგი ტრადიციაა, რომ ქართველი მეწარმეები და შეფები ერთიანდებიან ხოლმე, როდესაც სახალხო ზეიმია და ესეც არ იქნება გამონაკლისი. ისინი ყოველდღიურად შესთავაზებენ არაჩვეულებრივ მენიუებს აქ მოსულ გულშემატკივარს. არის ფეხბურთის ფედერაციის ფანშოპი, ასევე, საქართველოს კიბერფეხბურთის ფედერაციის სივრცე. არ მინდა გამომრჩეს პატარა გულშემატკივრები, რომლისთვისაც, ასევე, ყოველდღიურად, სამი საათის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის საბავშვო აქტივობა გაწერილი.
ასევე, ყოველდღიურად, 21:00 საათზე ქართული ფეხბურთის ლეგენდები, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლობით ესტუმრებიან პირველი რესპუბლიკის მოედანს და ისაუბრებენ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე," - განაცხადა თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინუცა ბუცხრიკიძემ.