13 ივლისი 2026,   17:38
ვრცლად
ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი ევროპის საბჭოდან სრული გასვლის შესაძლებლობას განიხილავს

აზერბაიჯანი ევროპის საბჭოდან სრული გასვლის საკითხს განიხილავს.

ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შუშაში, მეოთხე გლობალური მედია ფორუმის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.

ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა.
ალიევის თქმით, 2023 წელს აზერბაიჯანის მიერ საკუთარ ტერიტორიებზე სუვერენიტეტის აღდგენის საპასუხოდ, ორგანიზაციამ აზერბაიჯანის "დასასჯელად" შესაბამისი რეზოლუციები მიიღო.

„2024 წლის იანვარში აზერბაიჯანის დელეგაციას კენჭისყრის უფლება ჩამოართვეს. ეს არ იყო მხოლოდ ადამიანის უფლებების საკითხი; ეს იყო სასჯელი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გამო. ჩვენმა დელეგაციამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და შეხვედრებში მონაწილეობაზე უარი თქვა: თუ ხმის უფლება არ გვაქვს, იქ რა გვესაქმება?!“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

პრეზიდენტის თქმით, აზერბაიჯანი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეებს მხარს არ უჭერს, შესაბამისად, მათ გადაწყვეტილებებს არ აღიარებს.

"ღიად ვაცხადებ, რომ აზერბაიჯანი ორგანიზაციიდან გასვლას სრულფასოვნად განიხილავს.

ეს არ არის მხოლოდ წევრობის შეჩერება, ჩვენ განვიხილავთ სტრუქტურის სრულად დატოვებას. ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მთხოვა, ეს არ გამეკეთებინა და გამოსავალი მოგვეძიებინა, თუმცა, პარლამენტი აზერბაიჯანის მიმართ საეჭვო ულტიმატუმებს აყენებს, რაც სრულიად მიუღებელია. მათ უნდა აღადგინონ ჩვენი დელეგაციის ხმის უფლება, რის შემდეგაც აზერბაიჯანული მხარე დაუბრუნდება მუშაობას. ჩვენ შეცდომა არ დაგვიშვია, ეს მათი უსამართლო გადაწყვეტილებაა", - აღნიშნა ალიევმა.

სახელმწიფოს მეთაურმა დასძინა, რომ ევროპის საბჭოდან გასვლა აზერბაიჯანისთვის დიდ ცვლილებებს არ გამოიწვევს.

"ჩვენ 2001 წელს ორგანიზაციაში იმ იმედით შევედით, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში დაგვეხმარებოდნენ, თუმცა დღეს აზერბაიჯანის მიმართ უსაფუძვლო და მიკერძოებული დამოკიდებულებაა", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

დღის ამბები