20 ივლისი 2026,   08:20
ვრცლად
აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის მარტვილისა და ხონის მუნიციპალიტეტებში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, მარტვილისა და ხონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია გაიმართა.

ხონის მუნიციპალიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე იმყოფებოდა, რომელიც გამოკვლევების მიმდინარეობას პირადად გაეცნო და ექიმებსა და დევნილ ბენეფიციარებს შეხვდა.

აქციის ფარგლებში, თბილისიდან მოწვეულმა მაღალკვალიფიციურმა ექიმმა-სპეციალისტებმა ბენეფიციარებს უფასო კონსულტაციები და საჭირო გამოკვლევები ჩაუტარეს, ასევე ექიმების დანიშნულების შესაბამისად, მათ ყველა საჭირო მედიკამენტები უფასოდ გადაეცათ.

მარტვილისა და ხონის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული სამედიცინო აქციის ფარგლებში, უფასო სამედიცინო მომსახურებით, ჯამში, 200-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა.

გამოკვლევების პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მანონა გეჯუა, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეზო ბარაბაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ბაჩანა ბასილაია და გუგა ბახტაძე ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მსგავს სამედიცინო აქციებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეტაპობრივად ახორციელებს და მისი მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, დაავადებების ადრეული გამოვლენა და მათი პრევენცია.

დღის ამბები