თელავი - კახეთის კარიბჭე ნახევარი საუკუნის შემდეგ, ისევ შუაღამეს, ისევ ღვარცოფის შემზარავმა ხმამ გააღვიძა. ბუნების მკაცრმა კანონმა ქალაქს კვალი ახლაც დაამჩნია.
ადიდებული მდინარე თელავისხევი სათავეს გომბორის მთებიდან იღებს - 49 წლის წინაც, ახლაც, ცივ-გომბორის ქედის კალთებში ძლიერმა წვიმამ უზღვავი ნალექი დააგროვა. წყლის მასამ ქვა-ღორღი და ხე-ტყე გზადაგზა ხევისკენ გამოიყოლა, მდინარის კალაპოტი ქალაქზე გადის. ღვარცოფი კალაპოტიდან ქუჩებზე გადაიჭრა.
ეპიცენტრი ალაზნის გამზირი და მისი პარალელური კავკასიონის ქუჩა აღმოჩნდა. აქ წყალმა დამაკავშირებელი ხიდიც დაანგრია და კალაპოტში ჩახერგა.
კახეთის რვავე მუნიციპალიტეტი, ყველა შესაბამისი უწყება, მოხალისეები - ქალაქის შველას ერთად შეუდგნენ. იმ ღამითვე დაიწყეს - დღემდე წმენდენ ქუჩებს, სადაც ღვარცოფმა გაიარა.
ეს ვარდოშვილის ქუჩაა. ღვარცოფმა შენობებს საძირკველი გამოაცალა. აქ მდინარის კალაპოტზე ბიზნესობიექტებია აშენებული, უკვე ავარიული ნაგებობები.
სტიქიის ზარალს ითვლიან, იხსენებენ 1977 წლის წყალმოვარდნასაც, მაშინ მთელი ქალაქი დატბორა. თელავი 49 წლის წინ, ფოტოარქივს შემორჩა.
თელავის ისტორიას კიდევ ერთი თარიღი დაემატა - 2026 წლის 12 ივლისი, რომლის დავიწყება ქალაქს გაუჭირდება.
ე.წ. ხერხეულიძის დამბები და მდინარის კალაპოტი 2022 წელს გაწმენდილა. წმენდენ ახლაც, შეკავებული ნატანი მასისგან.
დამსახურებული ინჟინერი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დამსახურებული გამომგონებელი გიორგი ხერხეულიძე - ასე გაგვაცნო უნიკალური კონსტრუქციის ავტორი მისმა მოსწავლემ და მეგობარმა.
მშენებელი იხსენებს როგორ აშენდა ბეტონის მცველი.
სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია, დატბორილი ქუჩების რეაბილიტაცია, საფრთხის პრევენცია - ამ მიზნებით გეგმა უკვე მოქმედებს.
მეცნიერებმა სახიფათო ხეობების დაცვის ინოვაციური კიდევ ერთი პროექტი უკვე გამოიგონეს და მლეთის ხევში ცდიან, მალე მთავრობას გააცნობენ.
თელაველებს იმედი აქვთ, რომ მეფის ქალაქს სტიქია ულმობლად ვეღარ დააზიანებს.