2026 წლის მუნდიალმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მსოფლიო ჩემპიონობისთვის მხოლოდ ფეხბურთელები აღარ იბრძვიან. ის პლანეტის მთავარი მარკეტინგული და მედია პლატფორმაა, სადაც მილიარდობით ადამიანის ყურადღება იყრის თავს და სადაც ერთმანეთს ეჯიბრებიან ტელეკომპანიები, სტრიმინგპლატფორმები, გლობალური ბრენდები, ტექნოლოგიური კომპანიები და ავიახაზები.
წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია. ტურნირში პირველად მონაწილეობდა 48 ეროვნული ნაკრები. 16 ქალაქსა და სამ ქვეყანაში გაიმართა 104 მატჩი. მუნდიალის თამაშებს სტადიონის ტრიბუნებიდან 6,2 მილიონზე მეტმა გულშემატკივარმა უყურა, რაც ისტორიული რეკორდია. თითოეულ მატჩს საშუალოდ 65 ათასზე მეტი მაყურებელი ესწრებოდა.
შედარებისთვის, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატში სულ 32 ნაკრები მონაწილეობდა და 64 მატჩი გაიმართა. 2026 წლის ტურნირზე მონაწილეთა რაოდენობა 50 პროცენტით, მატჩების რაოდენობა კი 62,5 პროცენტით გაიზარდა. 104 მატჩი ნიშნავს 104 ცალკე სატელევიზიო ტრანსლაციას, 104 სარეკლამო პლატფორმას და 104 დამოუკიდებელ კომერციულ პროდუქტს. ამ მასშტაბმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი არა მხოლოდ ისტორიაში ყველაზე დიდ სპორტულ ტურნირად, არამედ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კომერციულ პროექტად აქცია.
FIFA-ს მიმდინარე ოთხწლიანი კომერციული ციკლის შემოსავალი რეკორდულია - 13 მილიარდი დოლარიდან 8,9 მილიარდი დოლარი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოდის. შემოსავლების მთავარი წყარო სატელევიზიო და მედია უფლებებია, რომელიც საერთო შემოსავლის 44 პროცენტს შეადგენს. სწორედ ამ უფლებების შესაძენად მსოფლიოს უმსხვილესი მაუწყებლები მილიარდობით დოლარს იხდიან, რადგან მსოფლიო ჩემპიონატი პლანეტის ყველაზე მოთხოვნადი სატელევიზიო პროდუქტია. მეორე ადგილზეა ბილეთებისა და სპეციალური მომსახურების პროგრამების გაყიდვები. VIP პაკეტებისა და კორპორაციული ლოჟების გაყიდვებით FIFA-მ 3 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, სამჯერ მეტი, ვიდრე 2022 წლის კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე.
და მაინც, რაში იხდიან კომპანიები მილიარდობით დოლარს? პასუხი ერთია - მაყურებლის ყურადღება.
FOX-ზე, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციის უფლებები 485 მილიონი დოლარი დაუჯდა, 30-წამიანი სარეკლამო რგოლის საშუალო ღირებულება 200-დან 300 ათას დოლარამდე მერყეობდა, ხოლო აშშ-ის ნაკრების მატჩების ფინალურ ეტაპზე 750 ათას დოლარსაც აღწევდა. FOX-მა ჰიდრატაციის სამწუთიანი პაუზებიც წარმატებულ კომერციულ პროდუქტად აქცია. FOX-ი, მარტო გამაგრილებელი პაუზებიდან 250-დან 330 მილიონ დოლარამდე მიიღებს და ტელეტრანსლირების უფლებებში გადახდილი 485 მილიონიდან სულ მცირე ნახევარს ასე დაიბრუნებს. ცოტა ნაკლებს იშოვის წყლის პაუზებიდან ესპანურენოვანი TELEMUNDO.
შემოსავლის უმნიშვნელოვანესი წყარო სპონსორობაა. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალურ პარტნიორებს შორის იყვნენ Adidas, Coca-Cola, Visa, Hyundai-Kia, Lenovo, Qatar Airways, Bank of America, McDonald's, Unilever.
მთლიანობაში, FIFA-მ სპონსორობისა და კომერციული პარტნიორობებიდან რეკორდული 2,8 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.
Nike-სა და Adidas-ს შორის დაპირისპირება 2026 წლის მუნდიალზე თითქმის თავად ფეხბურთივით საინტერესო "მარკეტინგული ომი" იყო. Nike-მა მსოფლიო ჩემპიონატისთვის გადაიღო მასშტაბური სარეკლამო კამპანია სახელწოდებით „დახიე სცენარი“, რომელშიც კრიშტიანუ რონალდუ, კილიან მბაპე, ვინისიუს ჟუნიორი, ერლინგ ჰოლანდი და სხვა ვარსკვლავები მონაწილეობდნენ. საპასუხოდ Adidas-მა მხოლოდ ერთ სარეკლამო რგოლზე, რომელიც ფაქტობრივად ჰოლივუდის მასშტაბის ფილმია, 60 მილიონი დოლარი დახარჯა. კლიპში ლამინ იამალი, ჯუდ ბელინგემი, ლიონელ მესი და ოსკაროსანი ტიმოთე შალამე მონაწილეობდნენ.
კონკურენცია გაგრძელდა მოედანზეც. Nike-მა ჩემპიონატზე 12 ეროვნული ნაკრები დააფინანსა, Adidas-მა კი 14. თუმცა ფინალში ერთმანეთს Adidas-ის ეკიპირებით მოასპარეზე ორი ნაკრები შეხვდება, რაც ბრენდისთვის ყველაზე წარმატებული რეკლამა აღმოჩნდა. ტურნირის ბურთიც კი Adidas-ის ბრენდირებულია.
მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ძვირფასი ნივთი, ოქროს თასი, ფინალის წინ მოედანზე ლუი ვუტონის ხელნაკეთი ჩემოდნით შემოაქვთ. ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოსთვის ფრანგული მოდის სახლი ექსკლუზიურ ჩემოდანს 2010 წლიდან ამზადებს.
შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილია ოფიციალური პროდუქციის გაყიდვებიც. მაისურები, ბურთები, სპორტული ეკიპირება და სუვენირები მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში მილიარდობით დოლარის საცალო ბაზარს ქმნის.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მხოლოდ სპორტული მოვლენა არ ყოფილა - ის გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კატალიზატორადაც იქცა. მან მსოფლიო ეკონომიკას 40,9 მილიარდი დოლარი შემატა, ყველაზე დიდი ფინანსური სარგებელი - 30 მილიარდ დოლარამდე - მასპინძელმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო.
მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მთავარი კითხვა ასეთია: ვინ დარჩა რეალურად მოგებული? ფინანსური თვალსაზრისით, პასუხი თითქმის ერთმნიშვნელოვანია - FIFA. თუმცა, მასპინძელი ქვეყნებისა და ქალაქების შემთხვევაში სურათი უფრო არაერთგვაროვანია.
თითოეული ქალაქის საორგანიზაციო ხარჯები, სხვადასხვა კვლევის მიხედვით, 100-დან 200 მილიონ დოლარამდე მერყეობდა. მთლიანობაში, მხოლოდ მასპინძელი ქალაქების ოპერაციულმა დანახარჯებმა მილიარდობით დოლარი შეადგინა. განსხვავებით წარსულში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატებისგან, ამერიკამ, კანადამ და მექსიკამ თავიდან აიცილეს ის მრავალმილიარდიანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც წინა ჩემპიონატებს ახლდა. ტურნირი ძირითადად უკვე არსებულ სტადიონებზე ჩატარდა.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ტურნირი გამოდგა გულშემატკივრებისთვის. წელს FIFA-მ დინამიკური ფასების სისტემა გამოიყენა. შედეგად, ბილეთების ფასი მოთხოვნის მიხედვით იცვლებოდა, 60 დოლარიდან იწყებოდა და ყველაზე მოთხოვნად მატჩებზე ათასობით დოლარს აღწევდა. ფინალის ყველაზე ძვირი ბილეთები თითქმის 33 000 დოლარი ღირდა.
მოგებული დარჩა ტურიზმიც. გაიზარდა ავიაბილეთების გაყიდვები, რესტორნების შემოსავლები, სპორტული პროდუქციის რეალიზაცია და მოკლევადიანი გაქირავების ბაზარი.
დიდი სარგებელი მიიღეს გაქირავების პლატფორმებმა Airbnb-მ და Booking.com-მა. მასპინძელ ქალაქებში 52 000-ზე მეტი ახალი საცხოვრებელი ობიექტი დაემატა პლატფორმას, ხოლო შეთავაზება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით გაიზარდა. ამის ფონზე, რიგ ქალაქებში სასტუმროების დატვირთვა მოლოდინზე დაბალი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ნომრების ფასები საშუალოდ 20%-ით გაიზარდა. ნიუ-იორკში მსოფლიო ჩემპიონატიდან მოსალოდნელი სასტუმროების შემოსავლის პროგნოზი 300 მილიონიდან 160 მილიონ დოლარამდე შემცირდა.
დღეს მსოფლიო ჩემპიონის ვინაობა გამოვლინდება, თუმცა საფინალო სასტვენით არაფერი სრულდება. თანამედროვე ფეხბურთში დაპირისპირების ეპიცენტრი მხოლოდ მწვანე მინდორი აღარ არის. ის გრძელდება ტელევიზიებში, სარეკლამო სააგენტოებში, ტექნოლოგიურ კომპანიებში, ტურიზმისა და მომსახურების ინდუსტრიაში. ამ ტურნირის ეკონომიკური ბრძოლა უკვე მოიგეს მათ, ვინც მილიარდობით ადამიანის ყურადღება ყველაზე ფასეულ რესურსად აქცია და ყველაზე ეფექტიანი მონეტიზაცია გაუკეთა.
ხვალიდან FIFA კიდევ ერთ უნიკალურ პროდუქტს გაყიდის - MetLife Stadium-ის იმ ბალახს, რომელზეც მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი გაიმართება. კონსერვირებული ბალახის ფრაგმენტები აკრილის კუბებში მოთავსდება, გრავირებითა და ავთენტურობის დამადასტურებელი ციფრული სერტიფიკატით. კოლექცია ოთხ ლიმიტირებულ ვერსიად გამოვა, თითოეულის ფასი 450-დან 3 000 დოლარამდე იქნება, სრული გაყიდვის შემთხვევაში FIFA 11 მილიონ დოლარს მიიღებს.
ავტორი: სანდრო სანაია