20 ივლისი 2026,   13:57
ვრცლად
მესი, რონალდუ, ნეიმარი, მოდრიჩი, ნოიერი - ლეგენდარული ფეხბურთელების გზა, რომლებიც მსოფლიოში მილიონობით ბავშვისთვის შთაგონების წყაროდ იქცნენ

არიან ფეხბურთელები, რომლებიც უბრალოდ შესანიშნავად თამაშობენ და არიან ისეთები, რომლებიც მართლაც მთელ ეპოქას ქმნიან. მუნდიალი კი ყოველთვის ის ადგილია, სადაც ლეგენდები იბადებიან, სადაც ერთი გოლი მთელ ერს აერთიანებს, ერთი ცრემლი კი, მილიონობით გულშემატკივრის ტკივილად იქცევა, მაგრამ ყველა დიდ ისტორიას აქვს დასასრული.

მესის ისტორია როსარიოში დაიწყო. სიმაღლის პრობლემების გამო ბიჭს ეუბნებოდნენ, რომ მისგან ფეხბურთელი ვერ გამოვა, თუმცა მან მთელს მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია. გავა წლები და პატარა ბიჭი როსარიოდან მოიგებს ყველა თასს, ყველა ტიტულს და მოხსნის ყველა რეკორდს, რაზეც კი ფეხბურთელმა შეიძლება იოცნებოს. მან ფეხბურთი ნამდვილ ხელოვნებად აქცია. დღეს კი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მილიონობით გულშემატკივარი მის ბოლო ცეკვას იხილავს. ის მიდის... მიდის, როგორც ლეგენდა და როგორც შთაგონება მილიონობით ბავშვისთვის.

კრიშტიანუ რონალდუს ცრემლებიც უკანასკნელი სასტვენის ხმას მოჰყვა. კრიშტიანო რონალდუ სანაკრებო ფეხბურთს დაემშვიდობა. დაემშვიდობა, როგორც ცოცხალი ლეგენდა. ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ჩემპიონატი, 5-გზის ოქროს ბურთის მფლობელი, პორტუგალიის, ინგლისის, ესპანეთის, იტალიის და ბოლოს არაბეთის ჩემპიონთა თასები... ეს ყველაფერი კრიშტიანო რონალდუს ანგარიშზეა, თუმცა მისი მთავარი საფეხბურთო ოცნება აუხდენელი დარჩა. კარიერა ისე დაასრულა, რომ მსოფლიო თასი ვერ აღმართა. მუნდიალი ვერ მოიგო, თუმცა როგორც თავად ამბობს, ფეხბურთს სუფთა სინდისით ტოვებს.

პორტუგალიის პატარა კუნძულ მადეირაზე დაბადებული ბიჭი ყოველთვის დიდ ფეხბურთზე ოცნებობდა. ოჯახი მდიდარი არ ყოფილა. იყო სირთულეები, იყო ცრემლები, იყო დღეები, როცა დამხმარედ მუშაობა უწევდა, მაგრამ ფიქრებით ყოველთვის ფეხბურთთან იყო - მაშინ, როცა ცოცხით ხელში მადეირას ქუჩებს ასუფთავებდა და მაშინაც, როცა დიდი ოცნების ასახდენად დაუღალავად ვარჯიშობდა. მან თითქმის ყველა ბრძოლა მოიგო გარდა ერთისა. ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ მოედანზე ახალი იმედით ბრუნდებოდა. და როცა პორტუგალია ამ მსოფლიო ჩემპიონატზეც დამარცხდა რონალდუ ატირდა. ატირდა არა როგორც სუპერვარსკვლავი, არამედ როგორც პატარა ბიჭი მადეირადან, რომლის ყველაზე დიდი ოცნება იმ წამს საბოლოოდ დასრულდა. ის ტიროდა არა იმიტომ, რომ მატჩი წააგო, არამედ იმიტომ, რომ მიხვდა - მსოფლიო ჩემპიონატის თასს, რომელსაც მთელი ცხოვრება მისდევდა, ვეღარასოდეს დაეწეოდა. მან ბოლომდე იბრძოლა და დაამტკიცა, რომ ლეგენდებს მხოლოდ ტიტულები არ ქმნის. მათ ქმნის ბრძოლა. გამარჯვების რწმენა და სიყვარული, რომელსაც მილიონობით გულშემატკივარი მის მიმართ არასოდეს დაკარგავს.

მსოფლიო ჩემპიონატს ცრემლებით დაემშვიდობა ნეიმარიც. სუპერვარსკვლავი, რომელმაც ბრაზილიის მაისურით ჩატარებულ 130 მატჩში 80 გოლი გაიტანა და 58 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მის კარიერაში იყო ტრიუმფებიც, მძიმე ტრავმებიც, კრიტიკაც, ცრემლებიც და იმედგაცრუებაც. ბევრჯერ დაეცა, მაგრამ ყოველ ჯერზე ისევ ფეხზე წამოდგა. და სწორედ ეს არის მისი ყველაზე დიდი გამარჯვება. შეიძლება ყველა ვერ შეთანხმდეს, იყო თუ არა ის თავისი თაობის საუკეთესო, მაგრამ ერთ რამეზე თითქმის ყველა თანხმდება - ნეიმარის თამაშს გულგრილად ვერავინ უყურებს.

ზოგი ფეხბურთელი ისტორიას თასებით წერს, ზოგი კი - ადამიანების გულებში დატოვებული მოგონებებით. ნეიმარი სწორედ იმ იშვიათ ფეხბურთელებს შორისაა, რომელთა დრიბლინგი, ტექნიკა, ღიმილი და ემოცია ფეხბურთის მოყვარულებს კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ.

ლუკა მოდრიჩი კი 6 წლის იყო, როცა მისმა ოჯახმა ომის ქარცეცხლი გამოიარა. ბურთით თამაში იმ სასტუმროს ავტოსადგომზე დაიწყო, სადაც მოდრიჩების ოჯახი ლტოლვილად ცხოვრობდა. მან დაკარგა სახლი, მაგრამ ვერავინ წაართვა ოცნება. პატარა ბიჭმა, რომელსაც მხოლოდ ბურთი და იმედი ჰქონდა, მსოფლიოს საფეხბურთო მწვერვალამდე მაინც მიაღწია.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკა მოდრიჩმა მთელი ერი გააერთიანა და ხორვატია ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე მიიყვანა. იმ ტურნირზე მოდრიჩი მხოლოდ კაპიტანი არ ყოფილ, ის ქვეყნის იმედი და სიმბოლო გახდა. მისი კარიერაც მხოლოდ ტიტულების ისტორია არ არის. ეს არის ისტორია რწმენის, შრომისა და ადამიანური სიმტკიცის შესახებ. ისტორია, რომელიც მომავალ ფეხბურთელებს უყვება, რომ ყველაზე დიდი გამარჯვება საკუთარ თავზე გამარჯვებაა. ის წელს მუნდიალის ფინალში ვერ მოხვდა, მაგრამ უდავოა, რომ სანაკრებო კარიერას დიდი გამარჯვებებით ტოვებს.

2026 წლის მუნდიალი ბოლოა მანუელ ნოიერისთვისაც. გერმანიის კარის ლეგენდარულმა მცველმა წასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა, თუმცა მანამდე არაერთხელ დაამტკიცა, რომ მეკარე უკანასკნელი დამცველი კი არა, გუნდის პირველი გმირიც კი შეიძლება გახდეს. ის მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ 5-ჯერ აღიარეს. მანუელ ნოიერის კარიერაში იყო უდიდესი გამარჯვებები, მსოფლიო ჩემპიონობა, ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფები, უამრავი რეკორდი და ინდივიდუალური აღიარება. მაგრამ იყო უმძიმესი ტრავმაც, ხანგრძლივი პაუზაც და ეჭვიც - შეძლებდა თუ არა ისევ დაბრუნებას. და მაინც, როგორც ნამდვილ ჩემპიონს შეეფერება, ფეხზე წამოდგა ისევ იმ სიმშვიდით, იმ თავდაჯერებით და იმ ლიდერობით, რომელმაც წლების განმავლობაში მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ აქცია.

ახლა მთელი მსოფლიო განსაკუთრებული მომენტის მოლოდინშია. სწორედ დღეს სრულდება არამხოლოდ მორიგი მსოფლიო ჩემპიონატი, არამედ სუპერვარსკვალების მთელი ეპოქა. მუნდიალზე კი უკვე ახალი ვარსკვლავები იბადებიან. ახალგაზრდა თაობის კარგად ცნობილი სახეების გვერდით გამოჩნდნენ ბევრისთვის აქამდე უცნობი ტალანტებიც.

თაობათა ცვლა ფეხბურთის კანონზომიერებაა. ასე იყო მაშინ, როცა წლების წინ დიეგო არმანდო მარადონა ქომაგობდა ახალგაზრდა ლიონელ მესის მუნდიალზე გამოჩენას. და, ალბათ ასე იქნებოდა მაშინაც, როცა 20 წლის მესი საქველმოქმედო კალენდრისთვის 4 თვის ბიჭთან ერთად პოზირებდა . გავა წლები და ეს ჩვილი მსოფლიო ფეხბურთის სუპერვარსკვლავი გახდება. დღეს კი ლიონელ მესი სანაკრებო კარიერის უკანასკნელ მატჩში სწორედ მას დაუპირისპირდება.

დღის ამბები