21 ივლისი 2026,   05:01
ვრცლად
ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონია - 16-წლიანი პაუზის შემდეგ "ფურია როხამ" ოქროს თასი ისტორიაში მეორედ აღმართა

16-წლიანი პაუზა, საუკეთესოს ტიტული და მორიგი აღიარება - ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ოქროს თასი ისტორიაში მეორედ აწია. მსოფლიო ჩემპიონატი 2026 ევროპული ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

ერთთვიანი საფეხბურთო მარათონი ლუის დე ლა ფუენტეს გაწვრთნილმა გუნდმა გამარჯვებით დააგვირგვინა. ესპანეთი - არგენტინა - ფინალური მატჩს არც დაძაბულობა აკლდა და არც დრამატულობა. ძირითადი დროის განმავლობაში ანგარიშის გახსნა ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა. მეორე ტაიმის მიწურულს ენცო ფერნანდესმა წითელი ბარათი მიიღო და არგენტინა მოედანზე 10 მოთამაშით დარჩა. მეორე ექსტრა ტაიმში კი ესპანელი ფერან ტორესის გოლმა მის ნაკრებს ჩემპიონის ტიული მოუტანა.

48 გუნდი, 104 მატჩი და მუნდიალი, რომელმაც მილიარდობით ქომაგი გააერთიანა. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ნიუ-ჯერსის MetLife Stadium-ზე 82 000 მაყურებელი ესწრებოდა.

ესპანეთი-არგენტინის დაპირისპირება ბოლო მუნდიალია ლიონელ მესისთვის, რომლის ემოციური კადრები მსოფლიომ იხილა. ჩემპიონატზე არგენტინამ მეორე, ინგლისმა კი მესამე ადგილი დაიკავა.

მსოფლიო ჩემპიონატი 2026 გრანდიოზული ცერემონიით დაიხურა. მატჩამდე იყო შთამბეჭდავი გახსნა - ჯენიფერ ჰადსონმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. ტაიმებს შორის კი ისტორიაში პირველად იყო 25-წუთიანი შესვენება.

შოუში მონაწილეობდნენ შაკირა, ჯასტინ ბიბერი, Coldplay, Burna Boy და BTS.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ამერიკის პრეზიდენტთან ერთად, მსოფლიო ლიდერები, ჰოლივუდის და სპორტული სამყაროს ვარსკვლავები ესწრებოდნენ. 39-დღიანი საფეხბურთო დღესასწაული დასრულებულია.

დაუვიწყარი საფეხბურთო თავგადასავალი საქართველოში გულშემატკივრებს "რუსთავი 2-მა" აჩუქა.

დღის ამბები