21 ივლისი 2026,   18:00
ვრცლად
"გამოძიების ფარგლებში, გამოთხოვილია არაერთი ვიდეოჩანაწერი, მათ შორის სასტუმროს ობიექტიდან - აღნიშნული ვიდეოჩანაწერი ინციდენტს სრულყოფილად ასახავს" - პროკურორი, კახეთის ინციდენტზე

თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში ქორწილის დროს მომხდარ ინციდენტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძე 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. თელავის რაინულ სასამართლოში პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. პროკურატურამ, აღკვეთის ღონისძიების სახით, საპატიმრო გირაოს გამოყენება მოითხოვა. ჭიღლაძე დარბაზიდანვე გათავისუფლდა.

გამოძიება 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

პროკურორის, ბექა ნათელაურის განცხადებით, უკვე გამოკითხულია და კვლავ იკითხებიან საქმესთან დაკავშირებული პირები, გამოთხოვილია ვიდეოჩანაწერებიც, რომლებიც, პროკურატურის შეფასებით, ინციდენტს სრულყოფილად ასახავს.

"მოსამართლის მიერ დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ნაწილში. ბრალდებულს შეეფარდა გირაო 5 000 ლარის ოდენობის, თუმცა გირაოს უზრუნველსაყოფად გამოყენებული არ იქნა პატიმრობა. ყველა გამოკითხული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოებები, რაზეც ბრალდების მხარემ ისაუბრა სასამართლო პროცესზე და ბრალად აქვს წარდგენილი ბრალდებულს.

მიმდინარეობს გამოძიება, აქტიურად ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის იკითხებიან მონაწილე პირები, გამოძიების ფარგლებში გამოკვეთილ თითოეულ ფაქტს ექნება შესაბამისი რეაგირება. გამოძიების ფარგლებში გამოთხოვილი არაერთი ვიდეოჩანაწერია, მათ შორის სასტუმროს ობიექტიდან. აღნიშნული ვიდეოჩანაწერი ასახავს ინციდენტს სრულყოფილად. ინიციატორის განმარტებით, აღნიშნული ინციდენტის გამოვლენისთანავე მათ მიმართეს სამართალდამცავ უწყებას“, - აცხადებს პროკურორი ბექა ნათელაური.

დღის ამბები