გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ელჩი გერმანიაში, ალექსანდრე კარტოზია პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს 23 ივლისს რწმუნებათა სიგელებს გადასცემს. "ელჩების აკრედიტაციის" ღონისძიებების ჩამონათვალში ალექსანდრე კარტოზია პირველ ნომრად წერია. ამის შემდეგ ის მიიღებს ოფიციალურ დასტურს გერმანიის ხელისუფლების მხრიდან, რომ შეუძლია შეასრულოს გერმანიაში დიპლომატიური უფლებამოსილება.
კარტოზია ელჩად პირველ ოქტომბერს დაინიშნა. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნის პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე წაიშალა ის გვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.
"ქართული ოცნება" გერმანული მხარისგან სიტუაციის გამოსწორების მცდელობაზე საუბრობს.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ამბობს, რომ მისასალმებელია ყველა ტიპის ნაბიჯი, რომელიც მიმართულია ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისკენ.
"თუ რამდენიმე დღეში დასრულდება ეს პროცესი, ეს იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ გერმანიის წინა ელჩი, როგორც ჩანს, იყო დაბრკოლება ქართულ-გერმანული ურთიერთობების ნორმალურ ჩარჩოებში განვითარების. მისასალმებელია, რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციის გაცნობაც. მივესალმებით, ბუნებრივია, ყველა ტიპის გადაწყვეტილებას თუ ნაბიჯს, რომელიც მიმართულია როგორც ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის და ნორმალურ ურთიერთობებში დაბრუნებისთვის, ასევე ეს იქნება დადებითი ნაბიჯი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისთვისაც. ამიტომ, მივესალმებით ამ ნაბიჯს. დავაკვირდებით, როგორ დასრულდება ეს პროცესი და იმედს გამოვთქვამთ, რომ შემდგომში, გერმანიის ახალი ელჩის პირობებში, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ პრაგმატულ, ჯანსაღ, კონსტრუქციულ ურთიერთობებში დავაბრუნოთ ორმხრივი კავშირები. პირდაპირ გეტყვით, აქ არანაირი დიპლომატიური ეტიკეტი და პროტოკოლი არ არის, აქ პირდაპირ იყო გერმანიის წინა ელჩის დესტრუქციული ქმედება, რომლის ქმედებების გამოც მივედით იმ ჩიხურ მდგომარეობამდე, სადამდეც მივედით ორმხრივ ურთიერთობებში. ეს გადაწყვეტილებაც, რომ ამ ადამიანის წასვლიდან რამდენიმე დღეში ხდება ამ პროცესის დაჩქარება, სავარაუდოდ, სწორედ ამაზე მიუთითებს. არ მინდა, ბევრი ვისაუბრო წინა ელჩზე, ის უკვე არის ისტორია. სამწუხაროდ, დესტრუქციული ისტორია, მაგრამ მაინც ისტორიაა. მე მინდა მომავალში გავიხედო, იმედიანად ვართ განწყობილი ყველა," - აცხადებს ლევან მახაშვილი.