21 ივლისი 2026,   18:27
ვრცლად
მევენახე გოჩა ბერეკაშვილი: კვალიფიციურ სანერგეში შეძენილი ნერგი მაძლევს გარანტიას, რომ ვაზი იქნება ჯანმრთელი, მისგან ხარისხიან ყურძენს მოვიყვან და ღვინოც ხარისხიანი მექნება

ვენახის გაშენებაზე თანხმობის მისაღებად ღვინის ეროვნულ სააგენტოს პირველად იმერეთის რეგიონიდან მიმართეს. განმცხადებელმა, გოჩა ბერეკაშვილმა, კანონით განსაზღვრული ყველა საჭირო დოკუმენტაცია სრულყოფილად წარადგინა და დადგენილ ვადებში მიიღო თანხმობა ვენახის გაშენებაზე.

„ახალი რეგულაციის შემოღება აუცილებელი იყო, რადგან ძველ ვენახში, რომლის ნერგებიც კერძო პირისგან მქონდა შეძენილი, საძირეს დაავადებები გაუჩნდა. კვალიფიციურ სანერგეში შეძენილი ნერგი მაძლევს გარანტიას, რომ ვაზი იქნება ჯანმრთელი, მისგან ხარისხიან ყურძენს მოვიყვან და ღვინოც ხარისხიანი იქნება“, - აღნიშნა გოჩა ბერეკაშვილმა.

გოჩა ბერეკაშვილი ტყიბულის მუნიციპალიტეტში, 1200 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ცოლიკაურის ჯიშის ყურძნის ვენახის გაშენებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობა აუცილებელია მხოლოდ სამეწარმეო/კომერციული ვენახის გაშენების შემთხვევაში. თანხმობის მიღება საჭიროა ასევე სამეწარმეო ვენახის აღდგენა-განახლებისას, როდესაც აგროტექნიკური ღონისძიებები მოიცავს ვაზის არანაკლებ 50%-ის გამორგვა-ჩანაცვლებას, გახშირებას ან სხვა ჯიშებით გადამყნობას.
ვენახის გაშენებაზე თანხმობა გაიცემა უფასოდ. პროცედურა მარტივი და გამჭვირვალეა, ხოლო განაცხადის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადა 20 სამუშაო დღეს შეადგენს.

დღის ამბები