24 ივლისი 2026,   16:45
ვრცლად
ყველა ეს ორგანიზაცია და თვითონ სააკაშვილი მაინც ერთი პოლიტიკური ოჯახის წევრები არიან - დღეს იჩხუბეს, ხვალ შერიგდებიან, ამით ეს აგენტურული ხაზი არაფრით არ იცვლება - დავით მათიკაშვილი

"არასამთავრობოთა ნაწილი, დიდი ხანია, მოწყდა ხალხს და საზოგადოება მათ დაცვაზე თავს არ გამოიდებს", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

პატიმარი პრეზიდენტი და მისი პარტია, უკვე მეორე დღეა, მათთვის ერთ დროს ავტორიტეტულ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" უპირისპირდება. მათი უკმაყოფილება ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სიას მოჰყვა, რომელშიც 91 "პატიმარი საერთაშორისო გამჭვირვალობის" მტკიცებით, პოლიტიკური ნიშნით დაკავებულების კრიტერიუმს აკმაყოფილებს. პატიმარი პრეზიდენტი კი ამ ანგარიშში ვერ მოხვდა. 91-ს მინუს სააკაშვილი - სწორედ ეს გახდა "ნაციონალებისა" და მათი ლიდერის გაღიზიანებისა და მწვავე კრიტიკის საბაბი.  

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილსა და აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ერთი პოლიტიკური გუნდის ნაწილად მიიჩნევს. მისივე თქმით, მათ შორის არსებული დაპირისპირება საერთო პოლიტიკურ ხაზს არ ცვლის.

„ეს არის, რეალურად, ნიანგის ცრემლები, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ აქ. ეს ყველა ორგანიზაცია და თვითონ სააკაშვილი, პრაქტიკულად, საბოლოო ჯამში, მაინც ერთი პოლიტიკური ოჯახის წევრები არიან და მოგეხსენებათ, ოჯახში ხან იჩხუბებენ, ხან შერიგდებიან. ასეა იმიტომ, რომ ყველა მათი ქმედება ამ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების სწორედ რადიკალიზმის და მეხუთე კოლონის მხარდაჭერის ეგიდით იყო ზოგადად საზოგადოებისთვის ცნობილი და ისინი ასე აგრძელებენ. დღეს იჩხუბეს, ხვალ შერიგდებიან, ამით ეს აგენტურული ხაზი არაფრით არ იცვლება“, - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები