24 ივლისი 2026,   17:16
ვრცლად
"დაზიანებები მიაყენა მამას, რის შედეგადაც მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა - კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი სახლის ეზოში დამარხა" - დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანებები მიაყენა მამას, რის შედეგადაც მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ასევე, დგინდება, რომ ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები