14 კილოგრამამდე გამომშრალი მარიხუანა, ერთ კილოგრამამდე ჰაშიში, იგივე წონის ფსიქოაქტიური ნივთიერება და მეთადონი - შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს.
ერთ-ერთი დაკავებული ირანის მოქალაქეა. "კურიერი" დღეს მის საცხოვრებელ სახლთან მივიდა, თუმცა ადგილზე არავინ დახვდა. სატელეფონო ზარებს არ უპასუხა არც მისმა უფლებადამცველმა.
ბრალს არც სხვა დაკავებულები აღიარებენ. მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ არც მათ მეზობლებს.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებულები დანაშაულებრივ სქემებში იყვნენ ჩართული. ისინი ნარკოტიკულ საშუალებებს, სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციისა და სოცქსელების მეშვეობით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა ადგილზე ტოვებდნენ.
სამართალდამცველების მიერ ამოღებულია 16 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.