24 ივლისი 2026,   21:48
ვრცლად
სასამართლომ, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენა.

სამართალდამცავებმა ბრალდებული 2025 წლის 16 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო) და 11 პრიმა 144 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ დამცირება, იძულება და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, ჩადენილი სქესის გამო ადამიანის თანასწორუფლებიანობის დარღვევით) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები