25 ივლისი 2026,   08:14
ვრცლად
"კლიტემნესტრას სეანსი" - ზუგდიდის დრამატულ თეატრში სპექტაკლის ორ დღიანი საპრემიერო ჩვენება სრული ანშლაგით დასრულდა

ცოდვებით დამძიმებული გვირგვინი და სისხლიანი შურისძიება - ანტიკური დრამატურგიის ყველაზე წინააღმდეგობრივი პერსონაჟი სცენაზე ინსომნიით, უძილობით დატანჯული ბრუნდება.

"კლიტემნესტრას სეანსი" გიორგი კაშიას საავტორო ნამუშევარია. რეჟისორი ანტიკურ მითს თანამედროვე ინტერპრეტაციით აცოცხლებს და მიკენის დედოფალს ფსიქოთერაპევტის სეანსზე გვახვედრებს. რეჟისორმა რუსთაველის ეროვნული თეატრიდან ზუგდიდის თეატრში მთავარი გმირის როლზე მსახიობი ია სუხიტაშვილი მიიწვია.

გამარჯვებას შეწირული შვილი, ქმრის ღალატი და ტრაგიკული ბედისწერა - მძიმე ხვედრის მქონე დედოფლის შინაგან ტკივილსა და ემოციებს სცენაზე ტრადიციული ოსტატობით გადმოსცემს ია სუხიტაშვილი. მსახიობის თქმით, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც რეჟისორის ხედვა და მსახიობის სურვილი ერთმანეთს დაემთხვა. კლიტემნეტსტრა მისი ოცნების როლია.

სპექტაკლის სცენოგრაფია უჩვეულოა, მაყურებელი მოქმედების ეპიცენტრშია. ატმოსფეროს კიდევ უფრო განსაკუთრებულს 19 წლის კომპოზიტორის მიერ შექმნილი მუსიკა ხდის, რომელიც დადგმისთვის დაიწერა.

"კლიტემნესტრას სეანსი" - ორ დღიანი საპრემიერო ჩვენება სრული ანშლაგით, ზუგდიდის დრამატულ თეატრში დღეს დასრულდა.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი 

დღის ამბები