25 ივლისი 2026,   23:56
ვრცლად
ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო კამპანიის გაფართოებისთვის ემზადება - ახლო აღმოსავლეთში 50 000 ამერიკელი სამხედროა გადასროლილი

ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო კამპანიის გაფართოებისთვის ემზადება - ახლო აღმოსავლეთში უკვე გადასროლილია 50 000 ამერიკელი სამხედრო. თეთრი სახლისგან შესაბამისი განკარგულების მიღებისთანავე დაიწყება ოპერაცია, რომელიც, დონალდ ტრამპის მტკიცებით, ბევრად უფრო მასშტაბური იქნება, ვიდრე თებერვალში ჩატარებული "ეპიკური მრისხანება". აშშ-ის პრეზიდენტმა მედიას ისიც უთხრა, რომ ვაშინგტონის მოთხოვნისთანავე ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მყისიერად ჩაერთვება ისრაელი.

დღესაც, ამერიკულმა ავიაციამ და სარაკეტო ძალებმა სამიზნეში ამოიღეს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა და ირანის შეიარაღებული ძალების კრიტიკული ობიექტები: რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების საწყობები, პორტებში განთავსებული სამხედრო ტექნიკა და საჰაერო თავდაცვის სისტემები. შედეგად, ირანის ექვს პროვინციაში - ხუზესტანში, ჰორმოზგანში, ბუშერში, სისტან-ბელუჯისტანში, ქერმანშაჰსა და ჩაჰარმაჰალ-ბახთიარში - სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო ობიექტები განადგურდა.

პარალელურად, ირანი რეგიონში აშშ-ის სამხედრო ობიექტებისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმებს აგრძელებს. დრონებითა და რაკეტებით განხორციელებული იერიშების სამიზნე გახდა ყატარში, იორდანიაში, ბაჰრეინში, ერაყსა და ქუვეითში განლაგებული ამერიკული სამხედრო ბაზები. მედიის ინფორმაციით, ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ირანის მიერ მხარდაჭერილი რადიკალური დაჯგუფებების გააქტიურება, რომლებიც საერთაშორისო სტრატეგიული ენერგეტიკული საზღვაო დერეფნების ბლოკირებას ცდილობენ.

მიმდინარე ესკალაციის ფონზე, მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასი კვლავ მკვეთრად იზრდება. "ბრენტის" მარკის ნავთობის ღირებულებამ ბარელზე 100-დოლარიან ნიშნულს უკვე გადააჭარბა. სააგენტო "როიტერის" ცნობით, ფასების მატება წითელ ზღვაში იემენელი ჰუსიტების მიერ ნავთობტანკერზე განხორციელებულ თავდასხმას მოჰყვა, რამაც გლობალურ ბაზარზე მიწოდების შეფერხების რისკები გააჩინა.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები