სისხლიანი ანგარიშსწორება ვერაზე - სისხლიანი ანგარიშსწორების ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს ბრალი პალატაში წარედგინა, იმ ოთახში, სადაც 43 წლის მამაკაცი 2 დღეა ბადრაგის მეთვალყურეობის და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფა.
სამართლებრივი პროცედურები მესამე სართულზე მდებარე პალატაში მიმდინარეობდა. მალევე გაირკვა, რომ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა, დამამძიმებელ გარემოებებში სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება - დღეიდან ნიკა კაპანაძის წინააღმდეგ გამოძიება ამ ჩამოთვლილი მუხლებით გაგრძელდება.
ნიკა კაპანაძე, რომელმაც ახალგაზრდებს ცეცხლი მათი ხმამაღალი საუბრის და სიცილის გამო გაუხსნა, დუმილის უფლებას იყენებს და არ სურს პოზიციის გასაჯაროება.
22 ივლისს ვერაზე მომხდარ დანაშაულზე ადვოკატი ვრცლად არ საუბრობს, პროკურატურა კი დეტალებს ასაჯაროებს. საგამოძიებო უწყებამ დღის ბოლოს ვრცელი განცხადებაც გაავრცელა და სისხლიანი ანგარიშსწორების ქრონოლოგია გაასაჯაროვა.
22 ივლისს, 21:35 წუთზე შანიძის ქუჩაზე, ღია საზოგადოებრივ სივრცეში, კაპანაძეს ოთხ პირთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა. მისგან თავის დაღწევის მიზნით, ახალგაზრდები ავტომობილში ჩასხდნენ და ხორავას ქუჩის მიმართულებით დაიძრნენ, რამდენიმე წამში კი კაპანაძემ მათი მისამართით ცეცხლი აგხსნა.
გამოძიების ინფორმაციით, 43 წლის მამაკაცი გლოკის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან გამიზნულად ისროდა. დაიჭრა სამი ახალგაზრდა, მათ შორის არასრულწლოვნებიც, ერთ-ერთის, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ის კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. კაპანაძის მიერ ნასროლი ტყვიით გამვლელი ქალიც დაშავდა.
ცნობილია ნიკა კაპანაძის დაკავების დეტალებიც. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები 43 წლის მამაკაცის კვალზე მალევე გავიდნენ. 00 საათსა და 6 წუთზე, შანიძის 31 ში, ნიკა კაპანაძის სახლთან სამართალდამცველები მობილიზდნენ. მამაკაცი ამ დროს ერთ-ერთ ოთახში იმალებოდა. თავდაპირველად, პოლიცია მას კანონიერი მოთხოვნის დამორჩილებისკენ მოუწოდებდა, საპასუხოდ კი კაპანაძე იმუქრებოდა. უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, სამართალდამცველები იძულებულები გახდნენ, ბინის კარი ძალით გაეღოთ, შიგნით შესულებს კაპანაძე ორი სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული დახვდათ და პოლიციელების სიცოცხლის ხელყოფა სცადა. შეიარაღებული მალევე განაიარაღეს და დააკავეს. სწორედ აყვანის დროს დაიზიანა კაპანაძემ ხელის თითები.
22 ივლისის მძიმე ღამის დეტალები შანიძის ქუჩაზე თითქმის ყველამ იცის. სისხლიან ანგარიშსწორებას არაერთი თვითმხილველი შეესწრო. "კურიერთან" დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს ის მძიმე სურათი, რომელიც ხმაურზე გამოსულ ადგილობრივებს დახვდათ.
დაჭრილების სიცოცხლეს ახლა საფრთხე არ ემუქრება. 18 და 17 წლის ახალგაზრდებს უახლოეს დღეებში ბინაზე გაწერენ. კლინიკაში შეყვანისას მათ ცეცხლნასროლი ჭრილობების გამო ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ.
ბრალი, რომელიც ნიკა კაპანაძეს დღეს წარედგინა 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.