რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, მამუკა რეხვიაშვილი, ფრაქციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად 2027 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით ახალგაზრდებს შეხვდა.
მამუკა რეხვიაშვილმა, საჯარო დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და ახალგაზრდების კითხვებს პირადად უპასუხა. შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებმა მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ახალგაზრდული მიმართულებების შესახებ საკუთარი მოსაზრებები წარადგინეს.
საჯარო განხილვები, ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა. შეხვედრების მიზანი თითოეული მოქალაქის მოსაზრების მოსმენა და იმ პრიორიტეტების განსაზღვრა იყო, რომლებიც რუსთაველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
"საჯარო განხილვების მიზანი თითოეული მოქალაქის მოსაზრების მოსმენა და იმ პრიორიტეტების განსაზღვრა იყო, რომლებიც რუსთაველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მიმდინარე განხილვები ახალგაზრდებთან შეხვედრით დავასრულეთ, რომელიც საუკეთესო შესაძლებლობა იყო, მოგვესმინა და გაგვეზიარებინა მათი მოსაზრებები. შეხვედრის მონაწილეებმა საჯარო განხილვების პროცესში საკუთარი იდეები და ინიციატივები წარმოადგინეს, შეავსეს ანკეტები და ის მიმართულებები განსაზღვრეს, რომლებიც პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების პროცესში იქნება გათვალისწინებული. მსგავსი ინტერაქცია გვეხმარება, ერთობლივი ძალისხმევით, უფრო მეტი და კარგი ინიციატივა განვახორციელოთ ჩვენი ქალაქისთვის," - აღნიშნა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა.
რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება" ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, მოსახლეობის ჩართულობის მიზნით, თემატურ შეხვედრებს ყოველწლიურად მართავს. მოქალაქეებისა და ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი ინიციატივები 2027 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში იქნება განხილული.