შთამბეჭდავი ხედები, ხელუხლებელი ბუნება, უნიკალური არქიტექტურული მემკვიდრეობა და გასტრონომიის გამორჩეული კულტურა - სწორედ ამ მახასიათებლების საფუძველზე, წელს საქართველო მსოფლიოს წამყვანი ტურისტული ჟურნალის რჩეული გახდა. Wanderlust Magazine-მა ჩვენი ქვეყანა სექტემბერში სამოგზაუროდ საუკეთესო მიმართულებებს შორის დაასახელა. ხანგრძლივი ვიზიტებისთვის განკუთვნილ კატეგორიაში საქართველო ისეთ ქვეყნებთან ერთად მოხვდა, როგორებიცაა იაპონია, პორტუგალია, ჩინეთი, გერმანია, კანადა და არგენტინა.
ბრიტანული გამოცემა საკუთარ მრავალმილიონიან საერთაშორისო აუდიტორიას მოუწოდებს, არ შემოიფარგლოს მხოლოდ თბილისში გატარებული შაბათ-კვირით. რედაქტორების აზრით, საქართველოს ტურისტული პოტენციალი იმდენად მასშტაბურია, რომ ქვეყნის აღმოსაჩენად აუცილებელია რეგიონებში მოგზაურობა. ჟურნალის შეფასებით, ადრეული შემოდგომა იდეალური დროა ახალი შთაბეჭდილებებისთვის - პერიოდი, როდესაც ზაფხულის სიცხე იკლებს, რთველი იწყება და მოგზაურებს შესაძლებლობა ეძლევათ, მშვიდ გარემოში უკეთ გაეცნონ საქართველოს ავთენტურ კულტურასა და ბუნებას.
ექსპერტების შეფასებით, საქართველოს საერთაშორისო ტურისტული აღიარება კერძო და საჯარო სექტორების კოორდინირებული მუშაობის შედეგია. სპეციალისტების განმარტებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული მარკეტინგული აქტივობები და კერძო სექტორის მზაობა, სწრაფად მოერგოს ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს, საქართველოს ცნობადობის ზრდასა და ტურისტული ნაკადების მატებას უწყობს ხელს.
გამოცემა მკითხველს საქართველოს გამორჩეულ ისტორიულ, ბუნებრივ და გასტრონომიულ მარშრუტსაც სთავაზობს. თბილისიდან მოგზაურობა ისტორიულ მცხეთაში, შემდეგ კი ქუთაისსა და პრომეთეს მღვიმეში გრძელდება. გზა კავკასიონის მთებში, უნიკალური კულტურითა და შთამბეჭდავი ბუნებით გამორჩეულ სვანეთში გადაინაცვლებს და ზღვისპირა ბათუმში დასრულდება. სექტემბრის ფერად პალიტრაში მოქცეულ ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ჟურნალი ნამდვილ ბუნებრივ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევს. შავი ზღვის სანაპიროზე კი დამსვენებლებს ქართული სამზარეულოსა და ღვინის გაცნობა ელოდებათ.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე