ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს. გამოძიების კითხვებს უკვე უპასუხეს ნიკა გვარამიამ, გია ხუხაშვილმა და გიორგი გიგაურმა, ისინი პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფებოდნენ.
მათი განცხადებით, ჯორბენაძის საქმეს არ იცნობენ და მომხდარის შესახებ ღარიბაშვილის წერილიდან გაიგეს. 11 პირს შორის, რომელთა გამოკითხვის შესახებ, დღეს პროკურატურამ განაცხადა, ასევე არიან ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე და თაზო დათუნაშვილი. მათ ჩვენების მიცემა მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვეს. შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში, სადაც აცხადებენ, რომ მსჯავრდებულმა ღარიბაშვილმა სუიციდის დადასტურებულ ფაქტზე კონსპირაციული თეორიები ააგო, რასაც მალევე კოორდინირებულად მხარი აუბა ოპოზიციამ. მათივე თქმით, ღარიბაშვილი ნაცმოძრაობასთან შეთანხმებულად გუნდის დისკრედიტაციას ცდილობს.
"კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ლაზარე ჯორბენაძის შესახებ წერილის გამოქვეყნებამდე არაფერი იცოდა.
"შეკითხვა იყო ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. რამე ხომ არ ვიცოდი დამატებით და ა.შ. განვმარტე, რომ საერთოდ არ ვიცი, ამ მოვლენის შესახებ გავიგე ღარიბაშვილის წერილიდან, ყოფილმა პრემიერმა დასვა მძიმე შეკითხვა და ბუნებრივია, რომ ეს ყველას გვაინტერესებს, თუმცა პასუხი ჩვენ არ ვიცით ამ შეკითხვაზე, არც ვიცოდი ამ ადამიანის შესახებ, ვიდრე ეს წერილი არ გამოქვეყნდა,"- აცხადებს გვარამია.