"პედრო სანჩესი - ციხეში!" - მადრიდის ცენტრში პრემიერ-მინისტრის გადადგომისა და საიმიგრაციო პოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით 100 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა. დემონსტრაციები ქვეყნის 260-ზე მეტ მუნიციპალიტეტშიც გაიმართა. აქციების მონაწილეები ხელისუფლებას სეუტაში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე პასუხისმგებლობას აკისრებენ.
ვითარება გვიან ღამით მადრიდში, კონგრესის შენობასთან დაიძაბა. მომიტინგეებმა პოლიციის კორდონს სხვადასხვა საგანი ესროლეს, სამართალდამცველებმა კი მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი აირი გამოიყენეს. დაკავებულია რამდენიმე პირი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. შეტაკებისას დაშავდნენ როგორც პოლიციელები, ისე დემონსტრანტები.
პროტესტმა ესპანეთის სხვადასხვა ქალაქი და რეგიონი მოიცვა. გამოსვლები გაიმართა სალამანკაში, ვალენსიაში, სარაგოსაში, კანარის კუნძულებსა და სეუტაში. აქციებს შეუერთდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც, მათ შორის მემარჯვენე "სახალხო პარტია" და ულტრამემარჯვენე "ვოქსი". მათ საპასუხოდ მემარცხენე ძალებმა საპირისპირო აქციები გამართეს.
ოპოზიციის ბრალდებებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უარყოფს. პედრო სანჩესის განცხადებით, სეუტაში მასობრივი შეჭრის დაგეგმვასა და განხორციელებაში მაროკოს ხელისუფლების მონაწილეობაზე მთავრობას მყარი მტკიცებულებები არ აქვს. ამასთან, პოლიციის ანგარიშის მიხედვით, საზღვრის მასობრივი გარღვევა წინასწარ დაგეგმილ და ეტაპობრივად განხორციელებულ ოპერაციას ჰგავდა.
პოლიტიკური დაპირისპირებისა და საპროტესტო გამოსვლების ფონზე, სეუტაში ვითარება კვლავ კრიტიკულია. ერთი თვის წინ ექსკლავში 80 ათასამდე მიგრანტი შეიჭრა. მათი დიდი ნაწილი მალევე სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა დაახლოებით 10 ათასი ადამიანი ესპანეთში დარჩა, მათ შორის 1 200 არასრულწლოვანი. ისინი ქუჩებსა და სანაპიროზე ცხოვრობენ.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.