26 კერძო საჰაერო ხომალდი და 50-ზე მეტი საერთაშორისო მონაწილე - ლუქსემბურგიდან საქართველოში ჩამოსულ ავიაექსპედიციას პირველმა აჭარამ უმასპინძლა. რამდენიმე ათასი მილის დაფარვის შემდეგ სტუმრები რეგიონის ტურისტულ პოტენციალსა და საინვესტიციო შესაძლებლობებს გაეცნენ.
ამერიკა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია - ვიზიტის მეორე დღეს 11 ქვეყნის წარმომადგენელი კახეთის რეგიონის ღირსშესანიშნაობებს ეცნობა. ექსპედიციის მონაწილეებს კაჭრეთშიც უმასპინძლებენ, სადაც საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიება გაიმართება.
საქართველო მცირე ზომის თვითმფრინავების ნავიგაციის საერთაშორისო რუკაზე უკვე მოინიშნა. რაც ქვეყანას ათიათასობით მფრინავისთვის ახალ მიმართულებად აქცევს. ინიციატივა ლუქსემბურგში საქართველოს საპატიო კონსულს, პიტერ სოდერმანსს ეკუთვნის.
აეროპორტებსა და საფრენ მოედნებთან კოორდინაცია, 25-მდე შესაბამისი ნებართვის მიღება და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა - კომპლექსური სამუშაოები საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ჩართულობით განხორციელდა.
ევროპასა და ამერიკაში მცირე ზომის თვითმფრინავების მფრინავების ავიაექსპედიცია გავრცელებული ჰობია. პილოტები ახალ მიმართულებებს, როგორც ახალი ადგილების აღმოსაჩენად, ისე ბიზნეს კავშირების დასამყარებლად ირჩევენ . ასეთი საჰაერო მარშრუტები განსაკუთრებით პოპულარულია მაღალ მხარჯველუნარიან სეგმენტში, რაც რეგიონებს ტურისტული და ეკონომიკური განვითარებისთვის დამატებით შესაძლებლობებს უქმნის.
ლუქსემბურგი-საქართველო-ლუქსემბურგი - ავიაექსპედიცია, რომელიც ჯამში 4 000 მილის დაფარვას მოიცავს, საწყის წერტილს 8 სექტემბერს დაუბრუნდება. მანამდე მფრინავები ქვეყნის სხვა რეგიონებსაც ეწვევიან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთანაც.
ავტორი: ირაკლი კოშაძე.