საპატრულო პოლიციამ ავტომობილი გადამოწმების მიზნით გააჩერა. საჭეს 39 წლის მამაკაცი მართავდა. საბუთების შემოწმების შემდეგ, მძღოლის პირადი ჩხრეკა ჩატარდა. ჯიბეში მას გასაყიდად გამზადებული ე.წ. მკვლელი ნარკოტიკი "მეფედრონი" ჰქონდა დამალული.
პირადი ჩხრეკის პარალელურად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 39 წლის მამაკაცის ავტომობილიც შეამოწმეს. "ალფა-პვპ", ტეტრაჰიდროკანაბინოლი და მარიხუანა - სამართალდამცველებმა მისი მანქანიდან ამოიღეს. ნარკოტიკული საშუალებები განსაკუთრებით დიდი ოდენობით და გასაყიდად გამზადებული იყო.
"კურიერის" ინფორმაციით, 39 წლის მამაკაცი ე.წ. დამდები იყო. მისი ავტომობილი საპატრულო პოლიციამ მანამდე გააჩერა, სანამ ნარკოტიკებს სამალავებში გადაანაწილებდა. დაკავებული საქართველოს მოქალაქეა, ის ნასამართლევია და ირკვევა, რომ ნარკოდანაშაულებრივ სქემაში სისტემატურად იყო ჩართული.
საგამოძიებო მოქმედებები მოსკოვის გამზირზე მიმდინარეობდა, ჩხრეკა ჩატარდა 39 წლის მამაკაცის დროებით საცხოვრებელშიც.
39 წლის მამაკაცი მეფედრონის, ტეტრაჰიდროკანაბინოლის, "ალფა-პვპ-ს" და მარიხუანას შეძენა-შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. "კურიერის" ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დროს, სულ 35 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო.
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული მამაკაცი წინასწარ ორთვიან პატიმრობაშია. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.