მსოფლიო თანამედროვე ქართულ კინოს ამჯერად ტრაგიკომედიით გაიცნობს.
90-იანი წლების მძიმე რეალობა - უშუქობა, სიღარიბე და სიყვარული, რომელიც ყველა დაბრკოლებაზე ძლიერი აღმოჩნდა - „გურია“ ლევან კოღუაშვილის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც საქართველოს ამერიკის კინოაკადემიის 99-ე დაჯილდოებაზე წარადგენს.
როგორც რეჟისორი ამბობს, "გურია" ტრაგიკომედიაა სიყვარულსა და მეგობრობაზე, რომელიც ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გარდამტეხ პერიოდს აჩვენებს. სიუჟეტის მთავარი გმირები გურულები არიან. მთავარი ხაზი კი მათ გარშემო განვითარებული ყოველდღიური მოვლენებია.
საქართველოს კანდიდატი ფილმის შესარჩევი კინოჩვენებები ეროვნული არქივის კინოდარბაზში გაიმართა. "გურია" წარდგენილი 5 ნამუშევრიდან კომისიამ ფარული კენჭისყრით გამოავლინა.
ქართული კინოს ისტორია ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე ათწლეულებს ითვლის. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში „ოსკარზე“ გიორგი დანელიას "შემოდგომის მარათონი" და თენგიზ აბულაძის "მონანიება" იყო წარდგენილი.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი საქართველოს სახელით დაჯილდოებაზე 20-ზე მეტი ფილმი გაიგზავნა. 1996 წელს ნანა ჯორჯაძის "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ საუკეთესო უცხოური ფილმის ხუთეულში მოხვდა.
"გურია", რომელიც 2027 წლის დაჯილდოებაზე საქართველოს წარადგენს, 7 ქვეყნის კოპროდუქციაა. ის კულტურის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრისა და "შემოქმედებითი საქართველოს" მხარდაჭერით შეიქმნა.
"ოსკარის" ცერემონიამდე კი "გურია" სტარტს ვენეციაში აიღებს, სადაც ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგება.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი