სამეწარმეო მარკეტები, ღვინისა და ხემსის პავილიონები, დესერტების სივრცე, გრილის ზონა - ზღვისპირა ბათუმი "გემოფესტს" 5 და 6 სექტემბერს უმასპინძლებს. სანაპირო ხეივნის სტუმრებს ადგილზე აჭარული ავთენტური სამზარეულო დახვდებათ. ფესტივალის ორგანიზატორი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა.
"გემოფესტში" მონაწილეობას 16 მეწარმე მიიღებს. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ აღმოაჩინონ იშვიათი და ნაკლებად ცნობილი აჭარული კერძები. გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კულინარიულ ტრადიციებს და მრავალფეროვანი პროდუქცია დააგემოვნონ.
ფესტივალი ერთ სივრცეში გააერთიანებს ადგილობრივ მწარმოებლებსა და გასტრონომიის მოყვარულებს, რაც რეგიონული პროდუქციის პოპულარიზაციასა და ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. ღონისძიებას მუსიკალურად დიჯეები და ბენდები გააფორმებენ.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ "გემოფესტის" მთავარი მიზანი საქართველოს რეგიონების მრავალფეროვანი კულინარიული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და ადგილობრივი მეწარმეების გაძლიერებაა.