06 სექტემბერი 2026,   23:38
ვრცლად
წარმოუდგენელია, თუ როგორ ხდება პოლიტიკური პარტიების აკრძალვა მათი უკეთესი საარჩევნო პოზიციების გამო - ლევან მახაშვილი გერმანიაში მიმდინარე მოვლენებზე

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, გერმანიაში მზარდი რეიტინგის მქონე ოპოზიციური პარტიის აკრძალვაზე საუბარი პოლიტიკური შეხედულებების გამო ჩვეულებრივი დევნა და შევიწროებაა. მისი შეფასებით, ევროპის მასშტაბით ყოვლად წარმოუდგენელია პარტიების შეზღუდვა მხოლოდ იმის გამო, რომ მათ საკუთარი სათქმელი მოსახლეობამდე უკეთ მიიტანეს და კონკურენტებს აჯობეს.

"საუბრობენ პარტიების აკრძალვაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ეს პარტია ძლიერდება, ეს პარტია იკრებს ძალას და საზოგადოების უფრო მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს. მხოლოდ ამის გამო, პოლიტიკური პარტიის ამ ფორმით აკრძალვა, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვეულებრივი დევნა და შევიწროება პოლიტიკური შეხედულების გამო. ნაცვლად იმისა, რომ მოსახლეობას თავად აუხსნან, თუ რა უპირატესობას სთავაზობენ, რატომ არიან თავად უკეთესები, სხვა პარტიებს ავიწროებენ, კრძალავენ მხოლოდ იმის გამო, რომ მათ აჯობეს და საკუთარი სათქმელი მოსახლეობასთან უკეთ მიიტანეს. რა თქმა უნდა, ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი რაღაც ევროპის მასშტაბითაც, თუ როგორ ხდება პოლიტიკური პარტიების აკრძალვა მათი უკეთესი საარჩევნო პოზიციების გამო," - აცხადებს ლევან მახაშვილი.

ცნობისთვის: გერმანიაში მთავარი ოპოზიციური პარტია "Alternative for Germany" ("AfD") სახელისუფლებო ბლოკის მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლის სამიზნეა. მზარდი რეიტინგის ფონზე, გერმანიის მაღალჩინოსნები საკონსტიტუციო სასამართლოსგან პარტიის რეგიონული ორგანიზაციების აკრძალვას ითხოვენ. ამასთან, ქალაქ Bad Kreuznach-ში პარტიის წევრებზე ფიზიკური ძალადობაც განხორციელდა, რა დროსაც 9 ადამიანი დაშავდა. აღსანიშნავია, რომ ძალადობრივი ინციდენტები და პარტიის აკრძალვის მოთხოვნა 6 სექტემბერს დაგეგმილ რეგიონულ არჩევნებს ემთხვევა, სადაც, გამოკითხვების თანახმად, ოპოზიციური პარტია დამაჯერებლად ლიდერობს.

დღის ამბები