კიევში, ვოლოდიმირ ზელენსკის და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში მოსკოვში გამართული შეხვედრების შემდეგ ჩავიდნენ. მომლაპარაკებლები "სამშვიდობო პაკეტის" განახლებულ ვერსიაზე მუშაობენ.
ცნობილია, რომ უახლოეს მომავალში კიევს, მოსკოვს და ვაშინგტონს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების განახლება იგეგმება.
შეხვედრას გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად, ამერიკული თხევადი გაზის მიწოდება და საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერება სთხოვა.
"ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ვცდილობთ, წინსვლის გზები ვიპოვოთ. გვინდა, პროგრესს მალე მივაღწიოთ. პრეზიდენტ პუტინს გარკვეული მიზნები აქვს. ის აცხადებს, რომ მათი მიღწევა სურს, თუმცა, ცხადია, მას საკუთარი ქვეყნისთვის სხვა მიზნებიც აქვს. მათი მიღწევა ამ პროცესის დასრულების შემდეგაც იქნება შესაძლებელი. ჩვენ გავაგრძელებთ პოზიტიურ დიალოგს, რათა ვიპოვოთ მიზნამდე მისასვლელი გზა. მოგეხსენებათ, პრეზიდენტი ტრამპი ბიზნესის სამყაროდანაა. იქ კი ყველაფერს ორმხრივი მოგების პრინციპით უყურებენ. როგორ შევქმნათ ისეთი შესაძლებლობები, რომ ორივე მხარემ თავისი ინტერესები დაიკმაყოფილოს? ომი ნეგატიური პროცესია. ომში ყველა აგებს. ბიზნესი და მშვიდობა კი დადებითი შედეგის მომტანია. იმედია, ამ გზით ყველა დიდ სარგებელს მიიღებს," - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერიმ.