საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2025 წლის ანგარიში მოისმინა.
მომხსენებლის, მთავარი შრომის ინსპექტორის, ბექა ფერაძის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში, შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების აღსრულებაზე განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში: 7111 პირველადი და შემდგომი ინსპექტირება ჩატარდა, გაიცა 28 ათასზე მეტი მითითება, შედგა 2584 გაფრთხილების ოქმი, 100-ზე მეტ შემთხვევაში მიღებული იქნა საქმიანობის შეჩერებისა და დაახლოებით 800-მდე შემთხვევაში საჯარიმო სანქციის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილება, ასევე 352 შემთხვევაში შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება შესაბამისი დარღვევის არარსებობის გამო.
მისივე თქმით, შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის კუთხით შემოწმდა 4312 ობიექტი, მათ შორის, გაიცა 2400 ათასზე მეტი მითითება და ინსპექტირებები 42 ათასზე მეტ დასაქმებულ პირს შეეხო.
როგორც ბექა ფერაძემ აღნიშნა, დარღვევები შემდეგ საკითხებს უკავშირდება: ობიექტზე სრულად არ არის ჩატარებული სწავლება/ინსტრუქტაჟები; დასაქმებულები სრულად არ არიან აღჭურვილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით; ობიექტზე არ არის განსაზღვრული პასუხისმგებლობები/ფუნქციები; ობიექტზე არ არის განთავსებული უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვის ნიშნები და სხვა.
მთავარი შრომის ინსპექტორის განცხადებით, 1,4% -ით გაიზარდა იმ ობიექტების რაოდენობა რომელთა ინსპექტირება განხორციელდა, ხოლო 38%-ით შემცირდა სანქციის გამოყენების მაჩვენებელი.
რაც შეეხება შრომითი უფლებებზე ზედამხედველობას, როგორც ბექა ფერაძემ აღნიშნა, განხორციელდა 2799 ინსპექტირება, პირველადად შემოწმდა 1664 ობიექტი, გაიცა 3600-ზე მეტი მითითება და ინსპექტირება 35 ათასამდე დასაქმებულ პირს შეეხო.
მისივე თქმით, 2024 წელთან შედარებით, 2025 წელს შრომით უფლებებზე ინსპექტირების მაჩვენებელი 1.3%-ით არის გაზრდილი.
შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის ამკრძალავ ნორმებზე ზედამხედველობის საკითხებზე საუბრისას, ბექა ფერაძემ განაცხადა, რომ 2025 წელს შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ 233 ინსპექტირება განხორციელდა და 70 დისკრიმინაციის ფაქტი დადგინდა.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მთავარმა შრომის ინსპექტორმა კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.