კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ დადებითად შეაფასა ევროკომისიის პრეზიდენტის მიწვევა ბლოკის პირველი "ასოცირებული წევრის" სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანადა არც სრულ წევრობას ეძებს და არც სუვერენიტეტის დათმობას გეგმავს, - ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ მიმართვაში კანადისთვის ასოცირებული წევრობის ფორმატი დააანონსა. სტრასბურგში, ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, მარკ კარნიმ ამ ინიციატივას მიესალმა და ყურადღება გაამახვილა იმ საზოგადოებრივ გამოკითხვებზე, რომელთა მიხედვითაც კანადელების აბსოლუტური უმრავლესობა ბრიუსელთან მჭიდრო კავშირებს უჭერს მხარს.
კარნიმ მკაფიოდ განაცხადა, რომ კანადა არ არის იმ პოზიციაში და არც ცდილობს, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. მისი თქმით, საუბარია სრულიად განსხვავებულ ჩარჩოზე, რომელიც ევროპასთან ღრმა კავშირების მქონე ქვეყნისთვის არის შესაფერისი. ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად კომფორტულია მისთვის თავად "ასოცირებული წევრის" ტერმინი, კანადის პრემიერმა აღნიშნა, რომ ზუსტი ტერმინი ევროპის გადასაწყვეტია, მთავარი კი შინაარსია.
კარნიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ კანადა არ აპირებს სუვერენიტეტის რაიმე ფორმით დათმობას.
მისი თქმით, ოტავა ეძებს ისეთ პარტნიორობას, რომელიც ურთიერთშემავსებელი იქნება და მათსავე სუვერენიტეტს გააძლიერებს. კანადა ამჟამად აშშ-თან სავაჭრო ომში იმყოფება მას შემდეგ, რაც ორმხრივი მოლაპარაკებები ჩაიშალა, რის ფონზეც კარნი ბრიუსელთან კავშირების გაძლიერებას ცდილობს.
გამოსვლისას კანადის პრემიერმა თანამშრომლობის პოტენციურ სფეროებზეც ისაუბრა. ესენია: კრიტიკული მინერალები, თავდაცვითი ინდუსტრიული პოტენციალი, ხელოვნური ინტელექტი, ენერგოუსაფრთხოება, კოსმოსი და ფინანსური გადახდები. კარნიმ აღნიშნა, რომ ალიანსი არ იქმნება ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ის თავისუფლების, სოლიდარობისა და მდგრადობის დასაცავად არსებობს, რათა არავინ შეძლოს ღია ბაზრების კონტროლი, სუვერენიტეტის შელახვა ან დემოკრატიული ფასეულობების ძირის გამოთხრა.