მეორე დღეა, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ IRI-ის კვლევებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. ხელისუფლების ოპონენტები არ პასუხობენ შეკითხვას - ვინ დაუკვეთა კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს. IRI-ის ევრაზიის წარმომადგენლობას "კურიერმა" წერილობით მიმართა - გამოაქვეყნებს თუ არა ორგანიზაცია კვლევის შედეგებს.
პარტიების რეიტინგები არაოფიციალურად სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა. კვლევის მიხედვით, ოპოზიციურ პარტიებს მხოლოდ 1 ან 2 პროცენტი აქვთ, სულ კი 16 პროცენტი. "ქართული ოცნების" შედეგი ალოკაციის გარეშე 36 პროცენტია, ალოკაციით კი 55. აღსანიშნავია, რომ "ქართულ ოცნებას" 36 პროცენტი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის არცერთ კვლევაში არ ჰქონია.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, მოსახლეობა ხელისუფლების განვლილ გზას ენდობა.
"მოსახლეობა ენდობა იმ გზას, რაც ხელისუფლებამ გაიარა, ენდობა ხელისუფლებას და მოსახლეობის უმრავლესობას სჯერა, რომ ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ დაიცვან მოსახლეობის ინტერესები, თუნდაც საკუთარი რეპუტაციის და სხვა რაღაცების ხარჯზე. არის მკაფიო პასუხი იმ დესტრუქციისა, იმ დაპირისპირების, ახალი კერების გაჩენისა, იმ ძალადობის ნორმალიზების მცდელობისა და იმ მძიმე პოლიტიკური შეცდომისა, რასაც უშვებდა ეს რადიკალური ოპოზიცია გასული, განსაკუთრებით ორი -სამის წლის განმავლობაში", - აცხადებს ლევან მახაშვილი.