01 ოქტომბერი 2026,   12:48
ვრცლად
"1 ოქტომბერი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის მხოლოდ გამარჯვების თარიღი არ არის, ეს არის საქართველოს უახლესი ისტორიის გარდამტეხი მომენტი" - ირაკლი კირცხალია

14 წელი გამარჯვებიდან - ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლიდან დღეს 14 წელი გავიდა. 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, მოსახლეობის ხმების 55% მოიპოვა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დაამარცხა. ეს არჩევნები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იყო პირველი შემთხვევა, როცა მმართველი პარტია დამარცხდა.

თარიღს "ქართული ოცნების" ლიდერები სოციალურ ქსელში ეხმიანებიან. 14 წლის წინ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ეროვნული იდეის ირგვლივ მთელი ქვეყანა გაერთიანდა. სწორედ მისმა პირადმა პასუხისმგებლობამ, თავგანწირვამ და პრინციპულობამ შექმნა შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილება არჩევნების გზით განხორციელებულიყო - აღნიშნავენ მმართველი პარტიის ლიდერები.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, 1 ოქტომბერი "ქართული ოცნებისთვის" მხოლოდ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების თარიღი არ არის და მას საქართველოს უახლესი ისტორიის გარდამტეხ მომენტად აფასებენ.  

„1 ოქტომბერი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის მხოლოდ გამარჯვების თარიღი არ არის. ეს არის დღე, რომელსაც ჩვენ საქართველოს უახლესი ისტორიის გარდამტეხ მომენტად ვაფასებთ.

14 წლის წინ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ეროვნული იდეის ირგვლივ მთელი ქვეყანა გაერთიანდა. სწორედ მისმა პირადმა პასუხისმგებლობამ, თავგანწირვამ, პრინციპულობამ და ლიდერობამ შექმნა შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილება არჩევნების გზით განხორციელებულიყო.

"ქართული ოცნებისთვის" ბიძინა ივანიშვილის როლი 1 ოქტომბერს არ დაწყებულა. მრავალი წლის განმავლობაში მის მიერ არაერთი საქვეყნო საქმე გაკეთდა, ეს დღემდე გრძელდება და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ეს ჩვენ ქვეყანას დასჭირდება. ჩვენი გუნდი კი სწორედ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს იმ პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებას, რომელიც დღესაც ქვეყნის სუვერენიტეტის, მშვიდობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის პოლიტიკას განსაზღვრავს.

როდესაც 1 ოქტომბერს ვიხსენებთ, ჩვენთვის ეს არის მადლიერების დღეც იმ ადამიანების მიმართ, ვინც მაშინ საკუთარი სწორი არჩევანი გააკეთა. ასევე, განსაკუთრებული მადლობა "ქართული ოცნების" ერთგულ წევრებს და მხარდამჭერებს.

1 ოქტომბერი გვახსენებს, საიდან დაიწყო ეს გზა. 14 წლის შემდეგ კი ჩვენი პასუხისმგებლობაა, ეს გზა გაგრძელდეს საქართველოს მშვიდობის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია.

დღის ამბები