01 ოქტომბერი 2026,   12:57
ვრცლად
ადამიანის პირადი ღირსება, საქმიანი რეპუტაცია, ხელშეუვალი უფლებებია. ბერა დაამტკიცებს სასამართლოში, რომ ფაქტები, რომელიც გავრცელდა, არის სრული ცილისწამება. უკვე მზადების ეტაპზე გვაქვს სამართლებრივი დოკუმენტები - ადვოკატი დავით ასათიანი

ბერა ივანიშვილი სამართლებრივ დავას იწყებს. "ქართული ოცნების" დამფუძნებლის შვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს და აცხადებს, რომ უპასუხოდ აღარ დატოვებს მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას და დეზინფორმაციას, რომელსაც სხვადასხვა მედიით და სოციალური ქსელებით ავრცელებენ.

ბერა ივანიშვილს სასამართლოში სარჩელი შეაქვს კონკრეტული მედიასაშუალებებისა და პირების წინააღმდეგ. როგორც თავად წერს, ავრცელებენ ცილისმწამებლურ ბრალდებებს თითქოს ის ე.წ. ქოლცენტრებს მფარველობს, უკანონო გარიგებებში შედის და მისი მითითებით ადამიანებს აპატიმრებენ.

ბერა ივანიშვილი აცხადებს, რომ სიცრუისა და სიბინძურის ნიაღვარის უპასუხოდ დატოვება წამახალისებელ ფაქტორად იქცა და სწორედ ამის გამო გადაწყვიტა შესაბამისი ზომებისთვის მიემართა.

ივანიშვილის თქმით, მისი ოჯახის მიმართ წლებია კოორდინირებული ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს. იმის გამო რომ არც მას და არც სხვას აღარ მოუწიოს მსგავსი უსამართლობის ატანა მან უკვე მიმართა ადვოკატს. ბერა ივანიშვილის უფლებებს დავით ასათიანი დაიცავს.

"ადამიანის პირადი ღირსება, მისი საქმიანი რეპუტაცია, მისი კარგი რეპუტაცია ისეთი ხელშეუვალი უფლებებია, რომელსაც ნამდვილად სჭირდება სამართლებრივი დაცვა, როცა ადგილი აქვს ზღვარგადასულ ცილისწამებას და ცრუ, ყალბი ფაქტების გავრცელებას კონკრეტული ადამიანის მიმართ. ბერა დაამტკიცებს სასამართლოში, რომ ის ფაქტები, რომელიც გავრცელდა, არის სრული ცილისწამება, აბსოლუტურად მტკნარი სიცრუე, ყალბი ფაქტები და შესაბამისად, ჩვენ უკვე მომზადების ეტაპზე გვაქვს ის სამართლებრივი დოკუმენტები, რითაც მივმართავთ სასამართლოს, შესაბამისი მედიასაშუალებების და იმ პირების მიმართ, რომელთაც გავრცელეს აღნიშნული ცილისწამება. ცილისწამების წინააღმდეგ სარჩელების ვადა საქართველოს კანონმდებლობით 90 დღეა განსაზღვრული. ჩვენ ნამდვილად არ დაველოდებით ამ ვადის ამოწურვას", - განაცხადა ბერა ივანიშვილის ადვოკატმა დავით ასათიანმა.

დღის ამბები