02 ოქტომბერი 2026,   10:48
ვრცლად
1-ელი ოქტომბრის გამარჯვებამ უზრუნველყო, რომ დღეს  ქვეყანაში გვაქვს დაცული უსაფრთხოება და განვითარება კეთილდღეობასთან ერთად - რატი იონათამიშვილი
ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლიდან დღეს 14 წელი გავიდა. 2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, მოსახლეობის ხმების 55% მოიპოვა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დაამარცხა. ეს არჩევნები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იყო პირველი შემთხვევა, როცა ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა.
 
"ქართული ოცნება" განვლილ 14 წელს აჯამებს, საუბრობს გამოწვევებსა და წარმატებებზე. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გააგრძელებენ უცვლელ პოლიტიკას საქართველოს მშვიდობის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად.
 
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვებამ პოლიტიკური კულტურისა და სისტემის ცვლილება განაპირობა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობამ და საზოგადოების არჩევანმა საქართველო იმ გზისგან იხსნა, რომელიც, მისი შეფასებით, ქვეყანას ომის, დაპირისპირებისა და განადგურებისკენ წაიყვანდა. 

"2012 წლის 1-ელი ოქტომბრის გამარჯვება ამავდროულად გარდამტეხი იყო პოლიტიკური კულტურისა და სისტემის ცვლილების თვალსაზრისითაც. ჩვენ მაშინ გვახსოვს, რომ იყო აბსოლუტური დიქტატურა, სახელმწიფო დონეზე იყო აყვანილი რეკეტი და არ არსებობდა არც თავისუფალი მედია, არც კერძო საკუთრება და პირდაპირ ქუჩაში ხვრეტდნენ იმ ადამიანებს, ვინც მათ პოზიციაზე არ იდგა.

14 წლის მერე კიდევ უფრო ნათლად ჩანს 1 ოქტომბრის ისტორიული მასშტაბი საქართველოსთვის და რომ არა მაშინ ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა, მისი სამშობლოს მიმართ და ქართველი ხალხის სწორი არჩევანი, მაშინდელი ხელისუფლება საქართველოს სულ სხვა გზით წაიყვანდა და დღეს საქართველო იქნებოდა ომის გზაზე, კიდევ უფრო მძიმე დაპირისპირებისა და განადგურების გზაზე.

და 1 ოქტომბრის გამარჯვებამ უზრუნველყო ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში გვაქვს ყველაზე მზარდი ეკონომიკა ორნიშნა განვითარებით, დაცული უსაფრთხოება და განვითარება კეთილდღეობასთან ერთად. და სწორედ ამ იდეალების ერთგულები ვართ დღემდეც", - აცხადებს  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები