06 ოქტომბერი 2026,   18:15
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: ვინც ბრიუსელს უჯერებს, ზიანდება, ხოლო ვინც საკუთარ ხალხს უსმენს, მოგებაშია ეკონომიკური თვალსაზრისით, მოლდოვა მხოლოდ ბრიუსელის ლამაზი სიტყვებით გვისწრებს

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ მოლდოვა შთამბეჭდავი ტემპებით მიიწევს წინ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ერთადერთი, რაშიც შეიძლება შთამბეჭდავი პროგრესი ჰქონდეს მოლდოვას, არის ბრიუსელის მხრიდან შექება.

"ევროინტეგრაციის პროცესში ერთადერთი, რაშიც შეიძლება შთამბეჭდავი იყოს მოლდოვის პროგრესი, არის ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან შექებები. სულ უფრო მეტ და მეტ შექებას იმსახურებს, მაგრამ ჩვენი გამოცდილება გვეუბნება, რომ რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით და თავსმოხვეული დირექტივებით.

მარტივი საკითხია, ხომ? - მოლდოვის ეკონომიკური ზრდის ტემპები საქართველოზე მაღალი იყო უკრაინის ომამდე. 2021 წელს 14% იყო თითქმის მათი ეკონომიკური ზრდის ტემპი, როდესაც ჩვენ 10%-ის ფარგლებში ვიყავით. მას შემდეგ, რაც უკრაინის ომი დაიწყო, მოხდა ჯერ ეკონომიკური ვარდნა, დაახლოებით, ჩვენ რაც კოვიდის დროს გვქონდა, დაახლოებით ასეთი ვარდნა ჰქონდათ – 5%-იანი ეკონომიკური ვარდნა და ამის შემდეგ 0-სა და 2%-ს შორის ვარირებს ეკონომიკური ზრდის ტემპები, მაშინ როდესაც საქართველოში საშუალოდ 9%-ით არის ეკონომიკური ზრდის ტემპები ამ წლების განმავლობაში. სხვაობა რაშია? - მოლდოვა უჯერებს ბრიუსელს, ჩვენ არ ვუჯერებთ ბრიუსელს.

მეორე, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეები. 31%-ზე მეტი არის მოლდოვაში სიღარიბის ზღვარს მიღმა, მოსახლეობის თითქმის მესამედი სიღარიბის ზღვარს მიღმა არის. აი, ამ დახმარებების და პროგრესების ფონზე, მესამედი მოსახლეობისა უკიდურესი სიღარიბის მიღმა გვყავს, ჩვენ ამ პერიოდში ჩამოვიყვანეთ ეს მაჩვენებელი 7%-მდე. სხვაობა რაშია? - მოლდოვა უჯერებს ბრიუსელის ბიუროკრატიას, ჩვენ არ ვუჯერებთ ბრიუსელის ბიუროკრატიას.

აქედან დასკვნა, ის, ვინც უჯერებს ბრიუსელს, ის ზიანდება, ის, ვინც არ უჯერებს ბრიუსელს და უჯერებს საკუთარ ხალხს, ის მოგებაში არის ეკონომიკური თვალსაზრისით. ასე რომ, ერთადერთი, რაშიც მართლაც გვისწრებს მოლდოვა, ეს არის ბრიუსელის ლამაზი სიტყვები მის მიმართ. მაგრამ ასეთი ლამაზი სიტყვები ნამდვილად არ სჭირდება ჩვენს ქვეყანას, თუკი ამ ლამაზი სიტყვების მიღმა ჩვენ მხოლოდ დავზიანდებით ბრიუსელისგან თავსმოხვეული პოლიტიკით," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მარტა კოსის განცხადებით, მოლდოვა შთამბეჭდავი ტემპებით მიიწევს წინ, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. განცხადება ევროკომისარმა ბრიუსელში, მოლდოვის ასოცირების საბჭოს დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 

დღის ამბები