საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში, ტანზანიაში, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - უცხოურ ჩარევასა და გამჭვირვალობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გარე ძალების მხრიდან შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მცდელობა ეროვნული სუვერენიტეტის დარღვევაა.
შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო საზოგადოებას უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის საერთო სტანდარტის შემუშავებისკენ მოუწოდა, რაც, მისი თქმით, დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვის აუცილებელი ინსტრუმენტია:
"წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის უპრეცედენტო რღვევის პირობებში, უცხოური ჩარევა მსოფლიოში საზოგადოებების წინაშე მდგარ ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და შემაშფოთებელ გამოწვევად იქცა. როგორც ამას ადასტურებს ევროკავშირის ბოლო ანგარიში უცხოური ინფორმაციული მანიპულაციისა და ჩარევის საფრთხეების შესახებ - "უცხოურმა ინფორმაციულმა მანიპულაციამ და ჩარევამ ოპერაციული სირთულისა და გლობალური მასშტაბის ახალ დონეს მიაღწია, თავდასხმები კი გახშირდა, გაძლიერდა და უფრო კოორდინირებული გახდა". ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ უცხოური ჩარევა - "მხოლოდ კომუნიკაციის სფეროს გამოწვევა კი არ არის, არამედ უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელსაც ხელშესახები პოლიტიკური და უსაფრთხოების შედეგები აქვს."
ევროკავშირი ამ ანგარიშში მართებულ შეფასებას აკეთებს. უცხოური ჩარევა დემოკრატიული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი და მუდმივი საფრთხეა. ამასთან, ეს სისტემური და მზარდი გამოწვევაა. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ უცხოურ ჩარევას თანდათან ნორმად აქცევენ და მას „ჩართულობად“, „პარტნიორობად“ ან „მხარდაჭერად“ წარმოაჩენენ. თუმცა, მოვლენებს თავისი სახელი უნდა დავარქვათ: როდესაც გარე აქტორები ცდილობენ გავლენა მოახდინონ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ არჩევანზე და გვერდი აუარონ მის ინსტიტუტებს, ეს უკვე თანამშრომლობა აღარ არის. ეს საერთაშორისო სამართლის უმთავრესი პრინციპის - სახელმწიფოთა სუვერენიტეტის - დარღვევაა.
თავის არსით, ეს მმართველობისა და ანგარიშვალდებულების საკითხია. მთავრობა ანგარიშს საკუთარ ხალხს უნდა აბარებდეს და მოქმედებდეს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და არა უცხოელი მფარველების ან სხვა გარე ძალების ინტერესების შესაბამისად. გარე ზეწოლის ქვეშ მყოფი მთავრობა საკუთარ მოქალაქეთა წინაშე სრულად ანგარიშვალდებული ვერ იქნება. სწორედ აქ ირღვევა მმართველობისა და ანგარიშვალდებულების საფუძვლები.
საგულისხმოა, რომ სულ უფრო მეტი სახელმწიფო, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც წარსულში სხვა ქვეყნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ მიმართულ კანონმდებლობას და რეგულაციებს აკრიტიკებდნენ, ახლა საკუთარ ქვეყნებში იღებს ამგვარ კანონებს. ავსტრალია, კანადა, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, აშშ და მრავალი სხვა ქვეყანა ამკაცრებს ან იღებს გამჭვირვალობისა და უცხოური დაფინანსების შესახებ კანონებსა და რეგისტრაციის მოთხოვნებს. ის, რასაც ადრე გამონაკლისად მიიჩნევდნენ, სულ უფრო მეტად აღიქმება დემოკრატიული თავდაცვის ლეგიტიმურ და აუცილებელ ინსტრუმენტად.
დახმარების ეფექტიანობის შესახებ პარიზის დეკლარაცია ყველას შეგვახსენებს, რომ ნამდვილი პარტნიორობისთვის აუცილებელია, დახმარებამ ეროვნული ინსტიტუტები და ეროვნული თანხმობა გააძლიეროს და არ ჩაანაცვლოს. დღეს ამ მნიშვნელოვან პრინციპს განახლებული ყურადღება სჭირდება, განვითარების სფეროს მიღმაც, რადგან უცხოური ჩარევა ნელ-ნელა უცხოურ დახმარებას ანაცვლებს.
მინდა საქართველოს მაგალითი მოვიყვანო. უცხოური დაფინანსებით განპირობებული სერიოზული უსაფრთხოებისა და პოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოს „გრანტების შესახებ“ კანონი ახლა უცხოური გრანტების გაცემამდე მთავრობის თანხმობის მიღებას მოითხოვს. ამას ავსებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც საზღვარგარეთიდან დაფინანსების მნიშვნელოვანი წილის მიმღებ ორგანიზაციებს რეგისტრაციასა და ამ დაფინანსების საჯაროდ გამჟღავნებას ავალდებულებს. ორივე კანონის საფუძვლად მარტივი პრინციპი დევს: როდესაც უცხოური რესურსები ქვეყნის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემოდის, მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ როგორ გამოიყენება ეს რესურსები. ეს სუვერენიტეტისა და ანგარიშვალდებულების გამოხატულებაა, რაც დემოკრატიული მედეგობისა და კარგი მმართველობისთვის გადამწყვეტია.
რა თქმა უნდა, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ უცხოური ჩარევის მასშტაბი იზრდება. თუმცა, აქ თვალთმაქცობაც იკვეთება: ზოგი სახელმწიფო, რომელიც თავად ერევა სხვათა საქმეებში, ამავდროულად საერთაშორისო წესრიგის რღვევაზე წუხს. როგორც ჩანს, ავიწყდებათ, რომ ჩაურევლობა საერთაშორისო წესრიგის ერთ-ერთი საყრდენია. ამასთან, ჩარევის პრაქტიკა - როგორი კეთილი განზრახვითაც არ უნდა იყოს ნაკარნახევი - კონფლიქტის, უნდობლობისა და არასტაბილურობის ახალ საფრთხეებს წარმოშობს.
შემდგომი გზა ნათელია: ჩარევამ ადგილი უნდა დაუთმოს ნამდვილ პარტნიორობას, რომელიც ხელისუფლებების თანხმობასა და ერების სუვერენიტეტს ეფუძნება.
დადგა დრო, საერთაშორისო საზოგადოება შეთანხმდეს უცხოური ჩარევისა და უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის საერთო საერთაშორისო სტანდარტზე - ისეთ სტანდარტზე, რომელიც თითოეულ წევრ სახელმწიფოს მისცემს ლეგიტიმურ ინსტრუმენტებს დემოკრატიული პროცესების დასაცავად და დაეფუძნება სუვერენიტეტის, ანგარიშვალდებულებისა და თანხმობის საერთო პრინციპებს. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ანგარიშვალდებულება და მასთან ერთად ლეგიტიმური დემოკრატიული მმართველობა სრულფასოვნად განვითარებას,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ქართული საპარლამენტო დელეგაცია ტანზანიაში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეაში მონაწილეობს, რომელიც დაახლოებით 180 ქვეყანას აერთიანებს.