06 ოქტომბერი 2026,   21:16
ვრცლად
არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე დადგა მომენტი, რომ უცხოური გავლენის, უცხოური ჩარევის მარეგულირებელი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტიზაცია მოხდეს - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის კონფერენციაზე, კოლეგებს საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს მაგალითზე ესაუბრა თუ რას ნიშნავს გარე ჩარევებით დემოკრატიული პროცესების დაზიანება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე დადგა მომენტი, რომ უცხოური გავლენის, უცხოური ჩარევის მარეგულირებელი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტიზაცია მოხდეს.

"ამ კონფერენციაზე 100-ზე მეტი პარლამენტია წარმოდგენილი დელეგაციებით, პარლამენტის ხელმძღვანელებით და რა თქმა უნდა, ეს არის კარგი საშუალება მისთვის, რომ ჩემი კოლეგებისთვის საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს მაგალითზე მომეყოლა იმაზე, თუ რას ნიშნავს გარე ჩარევებით დემოკრატიული პროცესების დაზიანება. დღევანდელ სამყაროში ჩვენ ვხედავთ მზარდ ტენდენციას, რომ სულ უფრო მეტი ქვეყანა იღებს კანონს უცხოურ გავლენებთან დაკავშირებით - ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, აშშ-ს დიდი ხანია ეს აქვს. ქვეყნები ცდილობენ, რომ საკუთარი თავი დაიცვან გარე ჩარევებისგან. ვფიქრობ, რომ ახლა არის ის მომენტი, რომ საჭიროა მოხდეს საერთაშორისო სტანდარტის დამკვიდრება უცხო ჩარევების და უცხო გავლენების კანონმდებლობასთან დაკავშირებით. არსებობს უკვე დაგროვილი გამოცდილება ამასთან დაკავშირებით და კოლეგების მიმართ სწორედ ეს მიმართვა მქონდა, რომ ვიფიქროთ საერთაშორისო სტანდარტთან დაკავშირებით.

ის, რომ ეს გამოწვევაა ახლახან კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-მ. მათ ისაუბრეს იმაზე, რომ მაგალითად სამხრეთ ამერიკაში, ახლაც ჩატარდა არჩევნები ბრაზილიაში და ბოლო არჩევნებში არის ტენდენცია, რომ კონსერვატიული ძალები იმარჯვებენ მემარცხენეებზე და პირდაპირ უკავშირებს თავად აშშ ამ ტრენდს იმას, რომ USAID-ის დაფინანსებები შეწყდა. ადრე, წინა ადმინისტრაციები სწორედ უცხოური ჩარევით და გარე დაფინანსებით აფინანსებდნენ მემარცხენე ჯგუფებს და მოჰყავდათ ისინი ხელისუფლებაში. როგორც კი ეს დაფინანსება ჩაიხსნა, ვნახეთ, რომ საზოგადოებამ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო. იგივე ტენდენციას ვხედავთ ჩვენ ევროპაშიც. ასე რომ, ვფიქრობ, დადგა მომენტი, რომ უცხოური გავლენის, უცხოური ჩარევის მარეგულირებელი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტიზაცია მოხდეს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები