07 ოქტომბერი 2026,   22:32
ვრცლად
მარტა კოსის შეფასებები არის მხოლოდ სიტყვები და ეს არ არის ფაქტებით გამყარებული - მარიამ ლაშხი

ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას თბილისში პახუხობენ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ევროკომისრის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. "როდესაც გვეუბნებიან, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას "ჩამორჩება", ჩვენი პასუხი მარტივია: საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" - წერს ირაკლი კირცხალია.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის თქმით, მარტა კოსის შეფასებები არის მხოლოდ სიტყვები და ეს არ არის ფაქტებით გამყარებული.

"ქალბატონი მარტას ამ განცხადებას არაფრით არ ამყარებს ციფრები. ციფრები სულ სხვა რამეზე საუბრობს. მათივე, ევროკომისიის ორგანიზაციების შეფასებებით, საქართველო ყველა რეიტინგში უსწრებს და ლიდერი არის ჩვენს ასოცირებულ და კანდიდატ ქვეყნებს შორის. ეს შეეხება როგორც გამჭვირვალობას, ეს შეეხება როგორც ეკონომიკურ მიმართულებით რეიტინგებს, ამიტომ ქალბატონი მარტა კოსის შეფასებები არის მხოლოდ სიტყვები და ეს არ არის ფაქტებით გამყარებული. ამიტომ, კიდევ ერთხელ, მარტა კოსის განცხადება ვერ იქნება, როგორც სახელმწიფოს, ასევე ჩვენი მოქალაქეებისათვის რაიმე შინაარსის მატარებელი იმიტომ, რომ საქართველომ აირჩია გზა ევროპისკენ ღირსებით, მშვიდობით და ეკონომიკურ-სოციალური კეთილდღეობით", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

მარტა კოსმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა და სურვილი გამოთქვა, ისიც "იმავე დონეზე ყოფილიყო, რაზეც მოლდოვა და უკრაინა". ევროკომისარმა განსაკუთრებით შეაქო კიშინოვი. მაშინ, როცა საერთაშორისო კვლევებისა და ინდექსების მიხედვით საქართველო მოლდოვასა და უკრაინაზე გაცილებით წინ არის.

დღის ამბები