პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ტანზანიაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობს, სადაც ორმხრივ შეხვედრებს მართავს ადგილობრივ და საერთაშორისო კოლეგებთან, მათ შორის, ბრიტანეთის პარლამენტის სპიკერთან გარე ჩარევებისა და ჰიბრიდული საფრთხეების განსახილველად.
"დღეს გრძელდება საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა, დებატებში მონაწილეობასთან ერთად გვაქვს შესაძლებლობა, რომ ორმხრივი შეხვედრები გავმართოთ. უკვე გვქონდა ჩვენ მასპინძელი ქვეყანასთან, ტანზანიის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა და გვექნება დღის განმავლობაში შეხვედრა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომელთანაც, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ ორმხრივ ურთიერთობებზე.
გუშინ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა ეხებოდა გარე ჩარევებს და ჰიბრიდულ საფრთხეებს, ამავე თემას ეხებოდა ჩემი გამოსვლაც, ასე რომ, დღეს გვექნება შესაძლებლობა, რომ ამ თემაზეც ვისაუბროთ, ვინაიდან, როგორც ჩანს, ჩვენ მსგავსად ვხედავთ გარე ჩარევების საფრთხეებს და სწორედ ეს არის მთავარი წუხილი, რაც გვაქვს ზოგიერთ ჩვენ პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობაში და ვფიქრობ, ამ წუხილის შესახებ გვექნება შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ.
გარდა ამისა, მიმდინარე ასამბლეაზე ახალ წევრად მივიღეთ ნაურუს პარლამენტი და გვექნება შესაძლებლობა დღეს, რომ ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს შევხვდეთ, მას შემდეგ, რაც მათ გააუქმეს დიპლომატიური ურთიერთობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან, საქართველოსთან დაამყარა დიპლომატიური კავშირი, ასე რომ, გვექნება შესაძლებლობა, რომ უკვე პარლამენტის თავმჯდომარესთან ვისაუბროთ ამაზე, მადლობა გადავუხადოთ იმ გადაწყვეტილებისთვის, რომ უკან წაიღეს ოკუპირებული ტერიტორიების ეგრეთ წოდებული აღიარება, დამოუკიდებლობის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება, რაც გზას გახსნის ორმხრივი თანამშრომლობისთვის", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.